მინისტრებმა შეკრებილ მომიტინგეებს პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან სიტყვით მიმართეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის.
"მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, რომელშიც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი", - თქვა ლანდსბერგისმა და ქართულ ენაზე კითხვით მიმართა შეკრებილებს: "სად მივდივართ?" "ევროპაში", - იყო პასუხი.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სკანდირება: "მადლობა! მადლობა!"
"თქვენ, როგორც ერმა, გადაწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ. ჩვენ, ყველანი, ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს გზა გაგრძელდეს", - თქვა ესტონელმა მინისტრმა და მომიტინგეებთან ერთად დაიწყო სკანდირება ქართულ ენაზე: "საქართველო! საქართველო!"
"დღეს მე აქ ვარ, თქვენ არ ხართ მარტო და თქვენ გაქვთ ჩვენი პატივისცემა", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აქციაზე ასევე მივიდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე და პარლამენტთან "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შეუერთდა.
დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მსვლელობით მივიდა გმირთა მოედნიდან, სადაც 20:00 საათიდან მართავდნენ აქციას.
ასევე ნახეთ დემონსტრანტები გმირთა მოედანზე ფილარმონიიდან მსვლელობით ჩავიდნენსაქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვაა პაპუაშვილს. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პარლამენტში 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი".
დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“