პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა შეთანხმდა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების სისწორეზე.
პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და უარყო პაპუაშვილის განცხადება.
„საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა „გარკვეული შეშფოთება“, - თქვა ლანდსბერგისმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნკამ აღნიშნა, რომ მსგავს რამეზე არ შეთანხმებულან და მას საპირისპირო გზავნილი ჰქონდა: „საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით”.
საქართველოში იმყოფებიან ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვაა პაპუაშვილს. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პარლამენტში 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი".
პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „დღეს შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ; კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი, მათი რჩევის და საწინააღმდეგოდ. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი, ვინც გვირჩევდნენ სანქციების დაწესებას და სააკაშვილის გათავისუფლებას, აღმოჩნდნენ მტყუანი.
რაც შეეხება ამ სიტუაციას, აქაც ეს ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ სამყაროს და არა კომპლექსურად, როგორც ჩვენ ვაკეთებთ. სამყარო არ არის შავ-თეთრი. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხებია. ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით? ამიტომ, ჩვენი მოწოდება და საბოლოო ჯამში ეს განწყობა იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავარია ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე და გაიგონ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ კოსმეტიკური ჩასწორება ვერ გამოასწორებს კანონს - ლიეტუვის საგარეო მინისტრი ასევე ნახეთ ეს კანონპროექტი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის - ესტონეთის საგარეო მინისტრი