14 მაისს პარლამენტთან, „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლას და ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მან ასევე ისაუბრა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზე და გერმანელ პოლიტიკოსს „ქარაფშუტა“ უწოდა.
„იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში და 30-წლიანი დახმარება გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის და ბევრი სენტიმენტის გამო, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან გერმანიის მიმართ. ასე, ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისკენ. ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის - მათი პარტიების მხრიდან“, - თქვა პაპუაშვილმა.
მიხაილ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდებს, რომლებიც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეობენ. მან ილაპარაკა საფრთხეზე, რომელიც საქართველოს ემუქრება, თუკი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ქვეყანას დატოვებენ. ამასთან, ბუნდესტაგის წევრმა ახსენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის კავშირი, რაც საპატრიარქომ და ხელისუფლებამ უარყოფითად შეაფასეს:
„ჩემი გზავნილი უბრალოდ შეკითხვა იქნება: ძვირფასო ამომრჩევლებო, პატივცემულო ამომრჩევლებო, გსურთ, რომ დაკარგოთ თქვენი შვილები, შვილიშვილები? ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ახლა ქუჩაშია გამოსული. თუკი ამ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დაკარგავენ ნდობას თავიანთი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას. ჩვენ მათ კი მივიღებთ - ისინი განათლებული, კარგი გამოცდილების მქონე, მოტივირებული ევროპელები არიან - მაგრამ როგორ ააშენებთ საქართველოს ნათელ მომავალს ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა?! კეთილი, სცადეთ! ვფიქრობ, ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი და ჩემი შეკითხვა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ქუჩაში გამვლელებისთვის. მე მუშათა კლასიდან მოვდივარ და ზუსტად ვიცი, რა სურთ ამ ადამიანებს. მათ სურთ უსაფრთხო ცხოვრება, მათ სურთ სამუშაო ადგილები, მათ სურთ პერსპექტივა თავიანთი შვილებისთვის, მათ სურთ უსაფრთხოება, მათ სურთ მშვიდობა. თუმცა ამ პირობებში საკმაოდ რთულია თქვენი ქვეყნის დაცვა, რადგან რუსეთის იმპერიის მადა, რომ უკრაინის შემდეგ გადაგყლაპოთ, ძალიან მაღალია“, - თქვა მიხაელ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ აქციაზე მივიდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებიპარლამენტის წინ "უცხოეთის აგენტების" კანონის საწიმააღმდეგო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას კი მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „შეაჩერეთ ეს კანონი!“ და დაამატა: „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენდამი. ჩვენ აქ ასევე იმისთვის ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი - შეაჩერეთ ეს კანონი!”
საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების პარალელურად, საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ:
- გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
- ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
- პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
- ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.
დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ისინი მიიღო მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.