აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

აქცია გმირთა მოედანზე. 14 მაისი, 2024 წელი

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი იქ რუსთაველის გამზირიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ მსვლელობით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეების ნაწილს პოლიცია აკავებდა.

მანამდე პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.

“შეაჩერეთ ეს კანონი”, - ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას.

ასევე ნახეთ აქციაზე მივიდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები

საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების პარალელურად, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან:

  • გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
  • ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
  • პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
  • ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
  • ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.

დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ისინი მიიღო მხოლოდ პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში.