ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად - რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს მხარდამჭერ პოსტს ქართულად აქვეყნებს.

“თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, - წერს ის.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები "აგენტების კანონის" მიღებას აპროტესტებენ, პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს.

დღეს, 14 მაისს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო "აგენტების კანონი", რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამ კანონის წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.