თბილისში ვიზიტით მყოფი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ამბობს, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამის შესახებ მან ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ძალიან მკაფიო გზავნილით: ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროკავშირამდე მოვიდეს. ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ ეს "უცხოური აგენტების" კანონი. საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებს. ამ რთული გამოწვევების დროს თბილისი ნამდვილი ევროპის დედაქალაქია. ვიმედოვნებ, რომ მექნება მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრის შესაძლებლობა, პარლამენტთან, ასევე - ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში. ევროკავშირის გზავნილი ძალიან ნათელია", - თქვა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას, ჩამოვიდა. დღესვე, 9 საათზე, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მესამე მოსმენით განიხილებოდა „აგენტების კანონი“, მოქალაქეები კი მის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ. სადავო კანონპროექტის განხილვამ სულ 67 წამს გასტანა, საპროტესტო აქციაზე კი პოლიციამ 20 ადამიანი დაიჭირა. მათ ნაწილს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი არ შეხვდება ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებსსაქართველოში ჩამოსვლამდე, როთმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გამოაქვეყნა x-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ასევე ნახეთ მიხაელ როთი: ევროპის ნამდვილი დედაქალაქი დღეს თბილისია. დაე, აგენტების კანონი შეჩერდეს!