„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში მოქალაქეების შეძახილების ფონზე შედიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა სკანდირების ფონზე შედიან. 13 მაისი, 2024 წელი

მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შედიან უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმის აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“

09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული, რომელზეც მესამე მოსმენით განიხილავენ „აგენტების კანონს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს. მოქალაქეები პარლამენტთან „აგენტების კანონს“ 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებენ აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“

დილით პოლიციამ ძალით გამოყენებით დააკავა პარლამენტთან ღამისთევის აქციის ცალკეული მონაწილეები.

რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთს - მოქალაქეს პოლიციელებმა პერანგი და მაისური შემოახიეს და რამდენჯერმე თავში ჩაარტყეს.

პოლიციის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი დემონსტრანტის ცემა სხვა მედიასაშუალებებმაც გადაიღეს. ეს მოქალაქეც წრეში მოაქციეს და თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს.

დაძაბულობა კვლავ ზაქარია ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზეა.

ასევე ნახეთ აქციაზე დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დააკავეს