ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის სასახლესთან ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა და მოუწოდა საქართველოს, შეინარჩუნოს ევროპული კურსი.
"ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროპისკენ! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო, წინ!" - თქვა ელჩმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, "თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით" ევროკავშირის ნაწილი გახდეს.
"მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ "კანონს უცხოეთის აგენტების" შესახებ.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.
ასევე ნახეთ „უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული“ - ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე2024 წლის 1 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.