“თანამედროვე ქართველი არტისტის ინსტრუმენტები” - ამ აღწერით გამოაქვეყნა ფოტო 5 მაისს ფეისბუკზე მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ. ფოტოზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებთან ერთად ჩანდა სასტვენი, აუზის სათვალე და რესპირატორიანი ნიღაბი. ეს არის ეკიპირება, რომელსაც “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები იყენებენ დემონსტრაციებში წყლის ჭავლისგან, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზისგან თავის დასაცავად, რომელსაც უხვად იყენებს პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. უფლებდამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ეს მავნე პრაქტიკაა.
გიო გაგოშიძე, გარდა იმისა, რომ ამ ატრიბუტიკით პროტესტს თითქმის ყოველდღე უერთდება, მუდმივად ხატავს და წერს ხელნაკეთ წიგნაკში იმ დღის ამბებს.
დიდი თეთრი ტილო, მის სახელოსნოში, თვეზე მეტია ხელუხლებელია - გიორგი ამბობს, რომ ვერ ახერხებეს კონცენტრირებას სხვა ნამუშევრებზე და სრულად მოცულია იმ ამბებით, რაც ქვეყანაში ხდება. წიგნაკში გაკეთებული ნამუშევრები მისი და საზოგადოების მღელვარე დღეებს ირეკლავს.
“სხვების არ ვიცი და ჩემთვის შეუძლებელი ხდება მუშაობა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვმონაწილეობ ყველა ანტირუZულ და ანტისაოკუპაციო პროტესტში. ამიტომ როდესაც ესეთი მღელვარებაა, ასე ვთქვათ დიდი, სერიოზული ნუშევრების დრო არც ფიზიკურად მრჩება და არც სულიერად. აქციამდე წასვლამდეც სულ ვბორგავ და ვერ ვითმენ როდის მოვა დათქმული დრო, ამიტომ როგორც წესი, ფეხით მივდივარ ხოლმე რომ დრო გავიყვანო და მიუხედავად ამისა მაადრე მივდივარ დანიშნულების ადგილზე” - ეუბნება გიო რადიო თავისუფლებას.
“ღობე ვერ ისხნის ღალატს პატრიოტების რისხვისგან” - ეს ნახატი, რომელიც მთავრობის კანცელარიის შემოღობვისას გააკეთა, 27 აპრილს კიდევ ერთხელ გაიხსენა, როცა პარლამენტის წინ მთავრობის მიერ ორგანიზებული აქციისთვის სცენის ასაშენებლად ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს წინ მდებარე მოედანს შემოავლეს რკინის ღობე.
ამ ადგილას მომდევნო დღეს ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა.
“ეს ხმა ბრაზისა, ეს ზღვა ხალხისა, იქცევა რისხვად” - ჩაწერა მან ხალხმრავალი აქციის შემდეგ, 28 აპრილს.
“როგორც ჩვენი, ისე თქვენი ბედიც გამოკვანძულია, მარადიულ ცეცხლზე თქვენი ქვაბი უკვე დადგმულია!” - დაწერა 19 აპრილს. ეს სიტყვები პოეტ ბესიკ ხარანაულის გასული წლის მარტის პროტესტის პარალელურად დაწერილი ლექსის ინტერპრეტაციაა.
“რაღაც წმინდა ვალდებულებაა, ამ სილაღის რევოლუციის ხმად იქცე” - ამბობს ის. კიდევ ერთი ნახატი, რომელიც გაგოშიძის გვერდზე 20 აპრილს გამოქვეყნდა, ქართველი ახალგაზრდების ფიცია, რომელიც მათ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან დადეს. ამ ფიცში ნახსენებ “ერთობას”, რომელიც სახელმწიფოებრიობასთან, ენასა და მამულთან ერთად ახსენეს ახალგაზრდებმა, მომდევნო დღეებში მმართველი პარტია მათ წინააღმდეგ გამოიყენებს, როგორც სარწმუნოების წინააღმდეგ გალაშქრების აქტს.
“ამ მოხეთქილ ემოციებს, მარტო აქციაზე ყოფნით ვერ ვიკმაყოფილებ, ამიტომც დავიწყე ბლოკნოტებში ამ ჩანახატებ-პოსტერების გაკეთება. ბლოკნოტები სულ ჩემი მეგიბრები იყვნენ და ძირითადად მოგზაურობის ან რაღაც პირადი ამბების დღიურივით მქონდა ხოლმე, მაგრამ რაც უფრო მძიმდებოდა მდგომარეობა საქართველოს რუzიფიკაციის გზაზე, ნელ-ნელა ჩანახატები და სასიამოვნო მოგონებები სულ წარწერებმა, შეძახილმა, მოწოდებებმა თუ რაც არის ,ამოძახილმა ჩაანაცვლა” - ამბობს გიო.
ერთ-ერთი ასეთი გაგოშიძის კიდევ ერთი “ლოზუნგ-პოსტერი” შავსა და წითელ ფერებში შესრულებული ნამუშევარია, რომელზეც წერია: “დამარცხდებით სამარცხვინოდ, გავიმარჯვებთ სახელოვნად” - ეს ნამუშევარიც 2024 წლის აპრილში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო ხალმხრავალი გამოსვლებისას შეიქმნა. საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლის, 19 წლის მოწყალების დის, მარო მაყაშვილის დღიურიდან ფრაზა “გავიმარჯვებთ სახელოვნად” ამ აქციებზე ხშირად ისმის მონაწილეების მხრიდანაც და ჩანს საპროტესტო ბანერებზეც.
გიო გაგოშიძე ერთერთია ქართველი მხატვრებს, ილუსტრატორებს და გრაფიკული დიზაინერებს შორის, ვისი ნამუშევრებიც 2024 წლის აპრილ-მაისის მღელვარე დღეების ილუსტრაციებად დარჩება.
“საქართველო არასოდეს არ გახდება რუსეთი! ეს ყველანაირად ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს და იმ გზას, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს. საკმაოდ რთულად ვხედავ მომავალს ამ კანონის შემდეგ და სიმართლე რომ გითხრათ წარმოდგენაც არ მინდა. მერე ალბათ ილუსტრაციების ხატვასაც ამიკრძალავენ” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ილუსტრატორი სალი ნიკოლაიშვილი.
2 მაისს მან დახატა მასშტაბური აქცია გმირთა მოედანზე, რომელიც უჩვეულო ადგილია თბილისის პროტესტებისთვის - ამ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით დაიკავეს მოედანი და გააჩერეს მოძრაობა დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძზე.
“გაჩერებული ქალაქი წინ მიდის, როგორც არასდროს” - დააწერა სალიმ ნახატს.
ამ ნახატამდე იყო გოგო რესპირატორიანი ნიღბით.
ამის შემდეგ კი იგივე პერსონაჟი მაგიდასთან ზის და უყურებს, როგორ იწვის კრემლი.
“ილუსტრაცია ძალიან პატარა ნაბიჯია, მაგრამ საერთო სურათში ილუსტრაციები, სიმღერა, აქციებზე სიარული, ასევე ბოიკოტის გამოცხადება რუსეთის მხარდამჭერ კომპანიებისთვის, შედეგს მაინც მოიტანს. ერთმანეთს მუდმივად დავმუხტავთ. ხალხი ყოველთვის დიდი ძალა იყო და ეს პროტესტიც აუცილებლად მჯერა, რომ შედეგს გამოიღებს” - ეუბნება რადიო თავისუფლებას სალი ნიკოლაიშვილი.
მისი საპროტესტო ეკიპირებაც ცრელმლსადენი გაზისგან დამცავი დამცავი სათვალე და რესპირატორიანი ნიღაბია, თავისივე ილუსტრაციების პერსონაჟივით.
“აქციებში ფიზიკურად ვერ ვმონაწილეობ, რადგან საქართველოში აღარ ვცხოვრობ, თუმცა ჩემი ორი წლის შვილი უკვე ნამყოფია საქართველოში ორ აქციაზე” - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი გრაფიკული დიზაინერი, სოფო ჯელია, “მილენიალების დაჯგუფებიდან”. ის ახლა შვეიცარიაშია ოჯახთან ერთად და ემოციებს ნამუშევრებით გამოხატავს.
“ ძალიან მომწონს ის, რომ არ არის მუხტი გამქრალი უკვე ამდენი ხანია. აქციის დროს შიდა არეულობების მცდელობების მიუხედავად, მაინც მაქსიმალურად სწორად და კარგად იქცევა ხალხი. ჩემი ყველა მეგობარი ერთხელ მაინც მოყვა დარბევაში, მაგრამ უკან ბრუნდებიან ყოველთვის, იმიტომ რომ ევროპა არის მიზანი და არა რუსეთი. ხელისუფლება კუთხეში მიმწყვდეული ცხოველივით იქცევა, სანამ თავს ბოლომდე არ დაიღუპავს მანამდე არ გაჩერდება. ამიტომ ხალხის შეუპოვრობის იმედი მაქვს” - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო.ჯერ კიდევ 2023 წლის მარტის აქციებისას, როცა პირველად გამოვიდნენ თბილისში “აგენტების კანონის” წინააღმდეგ სოფო ჯელიამ შექმნა “ოცნების ყუთის” სპეციალური გამოშვება, სადაც განთავსებული იყო წიგნი სათაურით “41 ტრიუკი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ თავი კიტრი გგონია”. ამ ყუთში წიგნის გარდა იდო რეზინის ტყვიები, პოლიციელების ფიგურები და ვაზელინი.
სოფომ ეს ნამუშევარი ინსტაგრამზე 2024 წლის პროტესტის პარალელურად ატვირთა და დაწერა, რომ ჰქონდა იმედი, ამ ნახატის გახსენება აღარ დასჭირდებოდა.
“საქართველო იბრძვის ისევ გარუსების წინააღმდეგ!
პოლიტიკოსები უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ერთ კაცს, სიხარბეს და გაუმაძღრობას.
სირცხვილია ეს ყველაფერი და ვინც თავებს იბრმავებთ თქვენც მოგეკითხებათ! კომფორტი არ არის სამუდამო, ეგრე ეგონა ყველა მონარქს, იმპერატორს, დიქტატორს და პრეზიდენტს.
და უმეტესობა მინიმუმ დილეგში და მაქსიმუმ თავის გარეშე რჩებოდა.
გადახედეთ ისტორიას - კეთილი ყოველთვის იმარჯვებს, ეგრევე თუ არა ბოლო სეზონის ბოლო სერიაში მაინც” - ეს ტექსტი ახლდა თან “ოცნების ყუთსის” ილუსტრაციას. მას სჯერა, რომ ასეთ დროს შექმნილი ნამუშევრები დიდი ისტორიის პატარა ნაწილებია. სოფოს კიდევ ერთი “ყუთი” აქვს შექმნილი - აქაც საპროტესტო ატრიბუტებია: ნიღაბი, დროშები და ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელსაც მოქალაქეები წიწაკის სპრეისგან დაზიანებული თვალების ჩამოსაბანად იყენებენ.
“იმ ერთობის და გაუგონარი თანადგომის დანახვა საზოგადოების ნაწილში, რაც აჩვენეს ადამიანებმა ნამდვილად ემოციური და დასაფასებელია. ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა გრძნობდეს თავის წილ ვალდებულებას ქვეყნის წინაშე და ამ მომენტში, როცა დღესავით ნათელია სად არის სიმართლე, იდგეს ამ ადამიანების გვერდით. ამას მეც ვგრძნობ თუმცა წინა დღებში (დიდი სურვილის მიუხედავად) ვერანაირად ვერ მოვახერხე გარეთ გასვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება.”
თუმცა პროტესტი გრძელდება და მეც აუცილებლად ფიზიკურად შევუერთდები ამ პროტესტს” - ეუბნება რადიო თავისუფლებას თემურ ჯაფარიძე, მხატვარი და კულტურის მენეჯერი ბათუმიდან. მის მიერ ანრი მატისის ცეკვის მოტივებზე შექმნილი ნახატი, რომელზეც ფერხულში ჩაბმული ადამიანები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით, ვირუსულად ვრცელდებოდა ფეისბუკში.
“ქალები ვირჩევთ ევროპას” - ეწერა იმ “გამოცემის ყდაზე”, რომელის ილუსტრატორმა თაკო სირაძემ 21 აპრილს გამოაქვეყნა ინსტაგრამზე.
თაკოს მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ამ ფორმის ილუსტრაციებით ეხმაურება. გასული წლის მარტის “გამოშვებას" ეწერა ბესიკ ხარანაულის ცნობილი სიტყვები “სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!”
“ვფიქრობ, ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყანის მომავლისთვის გადამწყვეტია. ახლა თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია. პროტესტის გამოსახატად ყველას შეუძლია იპოვოს სწორი ფორმა. ჩემი აზრით, ყველა არტისტის მოვალეობაა, ხანდახან გვერდზე გადადოს თავისი საქმე და გამოეხმაუროს ისეთ თემებს, რომლებიც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მეტად მნიშვნელოვანია” - ეუბნება თაკო რადიო თავისუფლებას. არის კიდევ ერთი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც არა აქციის მონაწილეებით, არამედ იმ 83 დეპუტატით არის შთაგონებული, ვინც უკვე ორჯერ მისცა ხმა სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ. ვალო იმერლიშვილმა ფალოსის ფორმით გამოხატა დეპუტატები იმ დღეს, როცა პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი “აგენტების კანონს”, მომდევნო დღეებში კი ამ გამოსახულების არააერთი ინტერპრეტაცია შექმნა.
ვალო იმერლიშვილს ეკუთვნის 83 დეპუტატის კიდევ ერთი ინტერპრეტირებული გამოსახულება - ადამიანები უნიტაზის ფორმის თავებით - მათგან ერთი პიანინოზე უკრავს, სხვა ორი ერთმანეთს ეამბორება, კიდევ ოთხი, პერანგებში გამოწყობილი, გულხელდაკრეფილი ათვალიერებს გარემოს.
ასევე ნახეთ კონტროლი ქუჩაზე - როგორ ებრძვიან ანტირუსულ წარწერებს და პატრიოტულ ნახატებს თბილისში