სომხეთი წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ფინანსურ მონაწილეობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 16 მაისის, 2022.

სომხეთის ხელისუფლებამ 8 მაისს გამოაცხადა, რომ წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ფინანსურ მონაწილეობას. ადრე სომხეთმა ფაქტობრივად შეწყვიტა წევრობა ამ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანი ბადალიანის თქმით, ერევანი ორგანიზაციის სხვა წევრებს ხელს არ შეუშლის თავიანთი სახელშეკრულებო მოვალეობების შესრულებაში. საქმე ეხებათ ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

სომხეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწევდა ბოიკოტს ОДКБ-ს მონაწილეთა შეხვედრებს, სამხედრო სწავლებებსა და სხვა კოლექტიურ ღონისძიებებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა ერევნის მიერ ორგანიზაციაში მონაწილეობის ფაქტობრივად შეწყვეტის შესახებ.

ფაშინიანს არაერთხელ განუცხადებია სამხედრო კავშირიდან სომხეთის სავარაუდო გასვლის შესახებ, თუკი ორგანიზაციის წევრები ყურადღებას არ მიაქცევენ ერევნის პოზიციას.

ერევანი რუსეთსა და ხელშეკრულების სხვა მონაწილეებს ოფიციალურად სთხოვდა დახმარებას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ოპერაციებში 2022 წლის სექტემბერში. სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დასდო ბრალი ОДКБ-ს წევრებს მისი თხოვნის უგულებელყოფაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მარტში ფაშინიანს ბრალი დასდო, რომ მის მთავრობას „საქმე რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების დანგრევისკენ მიჰყავს“, რაც, თავის მხრივ, დასავლეთის ინტერესებს ემსახურება.