სადაო „აგენტების კანონის“ გარშემო დაძაბულობამ შესაძლოა დარტყმა მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას და ინვესტორებში ნდობას, ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა განაცხადა.
„ჩვენ გაგვაკვირვა იმის დანახვამ, რომ ის (კანონპროექტი. რედ.) ბრუნდებოდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ პროცესის დინამიკით“, - უთხრა ჟურნალისტებს EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.
მისი თქმით, საქართველომ ეკონომიკური სარგებელი მიიღო წარმატებული რეფორმებით.
„მაგრამ ახალმა ტენდენციამ და (კანონპროექტის) გარშემო დაძაბულობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს, ეკონომიკური გავლენა იქონიოს კერძო სექტორზე და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მზაობაზე. ამიტომ ჩვენ კავშირი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა მან.
EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორის, ალკის დრაკინოსის განცხადებით, საინვესტიციო კლიმატი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ კანონპროექტი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს - რომ არა ეს, შესაძლოა ეს წელი ქვეყანაში ბანკის წარმატებული საინვესტიციო წელი ყოფილიყო.
EBRD-მა საქართველოში დღემდე 5,16 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა, აქედან დაახლოებით ნახევარი - კერძო სექტორში. საქართველოში მისი ამჟამინდელი პროექტების პორტფელი 1,11 მილიარდ ევროს შეადგენს.
დღეს, 7 მაისს, გავრცელდა 31 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი, რომელშიც ისინი მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
ასევე ნახეთ 31 ევროპარლამენტარი ბორელს მოუწოდებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და დაფინანსების გადახედვისკენ25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ ეკონომიკური ზიანი ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალები1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 83-83 დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის მიღების პარალელურად, იძაბება საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან.
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში, თბილისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება.