საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, "ამნესტი ინტერნეიშენალი" საქართველოში "აგენტების კანონის" საპარლამენტო განხილვას და ამ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაცია პროტესტს ცალსახად მშვიდობიანად მიიჩნევს, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას კი - ცალსახად უკანონოდ.
"პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და სტანდარტებს ძალის გამოყენებისას. ბრალდებები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის, ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების, დაუყოვნებლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული. ეჭვმიტანილმა სახელმწიფო მოხელეებმა პასუხი უნდა აგონ მიუჯერძოებელი სასამართლოს წინაშე", - წერს ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს - უარი თქვას "აგენტების კანონის" განხილვის გაგრძელებაზე, რომელიც საქართველოში მკვეთრად გააუარესებს გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას.
"ამნესტი ინტერნეიშენალის" შეფასებით, 15 აპრილის შემდეგ, როცა მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არაერთი შესაძლო კანონდარღვევა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ხელის შეშლის ფაქტი გამოიკვეთა.
- ორგანიზაცია საეჭვოდ მიიჩნევს 15 და 16 აპრილის აქციებზე მოქალაქეების დაკავების საჭიროებას და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ დღეებში მედიის არაერთმა წარმომადგენელმა მიიღო დაზიანება.
- ქიმიური გამაღიზიანებლების [წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის] და წყლის ჭავლის ერთდროულად გამოყენების საჭიროება 30 აპრილს ბუნდოვანია - ეს პრაქტიკა განსაკუთრებით დაუშვებელია მაშინ, თუ პოლიცია ამ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე იყენებს.
- მოქალაქეების დევნა, ცემა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საფრთხეს არ წარმოადგნენ, დაუშვებელია. ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ქალების ცემას, არასრულწლოვნების დაკავებას და სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეების ჯგუფურად, ხელკეტებით ცემის ფაქტებს.
- სამართალდამცველების გარდა სხვა პირების ჩართვა მოქალაქეების დარბევის პროცესში.
- წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა ადგილსამყოფელის ბუნდოვანება, დაშავებული დაკავებულებისთვის სამედიცინო სერვისების შეფერხებით გაწევა და შეზღუდვა ადვოკატებთან კომუნიკაციაზე.
- დაკავებულების წინასწარი პატიმრობისთვის მაქსიმალური ვადის, 48 საათის გამოყენება დასაბუთების გარეშე.
- ლეტალური იარაღის გამოყენებისას სიფრთხილის ზომებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობა. კერძოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მკაფიოდ ძალადობრივი ვითარებაა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ასევე, ცრემლსადენი გაზისა ჭურვები და რეზინის ტყვიები არ შეიძლება იქნეს დამიზნებული თავის, სხეულის ზედა ან საზარდულის მიდამოებში.
"საქართველოს პოლიციის ქმედებები აშკარად ვერ აკმაყოფილებდა საერთაშიროსო სტანდარტებს პოლიციის დემონსტრაციების დროს - განსაკუთრებით 30 აპრილიდან 3 მაისამდე. პოლიციის ბრძანებების შეუსრულებლობის ცალკეული შემთხვევები ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ იძლევა მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლის ან რეზინის ტყვიების გამოყენების საფუძველს. ვერაფერი გაამართლებს პროტესტის მონაწილეების ცემას ან პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე ძალადობას. ხელისუფლების სადამსჯელო ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასჯა და შემდგომი პროტესტის თავიდან აცილებაა, რაც არღვევს მშვიდობიანი შეკრების უფლებას", - წერს ორგანიზაცია.
ასევე ნახეთ გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს. მხოლოდ ბოლო სამ დღეში პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე ასამდე მოქალაქე დააკავა.