2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ცნობილია, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი. სახალხო დამცველის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს - არც სახალხო დამცველი და არც შსს არ აკონკრეტებენ, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებიდან რამდენს აქვს ფიზიკური ძალადობის კვალი.
ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ აქციებზე ასამდე ადამიანი დააკავა:
- 30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს - 63;
- 1-დან 2 მაისის ღამეს - 5;
- 2-დან 2 მაისის ღამეს - 23.
„აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება 2 მაისის საღამოს, 18:00 საათისთვის, დაიწყეს. გმირთა მოედანი, თამარ მეფის გამზირი, მარცხენა სანაპირო ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: გმირთა მოედნის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი ძალის გადამეტებაზე მიუთითებს