დღეს დილიდან სომხეთის პოლიციამ გადაკეტა ტავუშის პროვინციის ქალაქ იჯევანიდან სოფელ კირანცისკენ მიმავალი გზა და 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამ რაიონში აპრილიდან გრძელდება მღელვარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის გამო. პროცესის დასრულების შემდეგ ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება რამდენიმე სოფელი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა.
შსს-მ კირანცში შესვლა აუკრძალა ჟურნალისტებსაც. პოლიციის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კორესპონდენტს უთხრა, რომ კირანცში სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს და გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ორი ქვეყნის ექსპერტებმა უსაფრთხოდ შეძლონ კოორდინატების დაზუსტება. შსს-ს თანახმად, დააკავეს 31 პირი, რომლებიც დანაღმული ტერიტორიის გადაკეტვას ცდილობდნენ და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირაა, დაკეტილია კირანციდან საქართველოსკენ მიმავალი საავტომობილო გზაც.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს - ამაში ექცევა ერევანი-თბილისის გზაცმთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მისაღწევად დღის წესრიგში დადგა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. 2024 წლის მარტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყო.
საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შედეგად სომხეთის ტავუშის რაიონში შემავალი რამდენიმე სოფელი ისევ აზერბაიჯანის გახდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის იყო. საზღვრის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ ევროკავშირი და აშშ.
1 მაისს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს.
- 2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
- ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.