კახა კალაძემ „წესრიგის აღდგენისთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა

კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერი კახა კალაძე გამოეხმაურა 1 მაისს, შუაღამეს, პარლამენტთან გამართულ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციას: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“.

კალაძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელებს აგრესიულად ესხმოდნენ თავს.

„გუშინ ყველამ ვნახეთ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს.

დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, - თქვა მან.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მინდა მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის“, - თქვა კალაძემ.

30 აპრილსა და 1 მაისის ღამეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციაში მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

ასევე ნახეთ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.

აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.

ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა ექვსი პოლიციელი - შს მინისტრის მოადგილე