უკრაინული მხარე ადასტურებს რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევას

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის 13 მარტსაც.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთის ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. საწარმოს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმით გამოწვეული ხანძრის შესახებ გამთენიისას წერდნენ რუსული ტელეგრამ-არხები. რიაზანის ქარხანას კომპანია „როსნეფტი" მართავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ სპეცოპერაციის შედეგად რიაზანში სამიზნე მნიშვნელოვნად დააზიანეს. ამავე წყაროს თანახმად, დღეს დრონებით შეუტიეს ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც და შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

რუსეთის ხელისუფლებას რიაზანის და ვორონეჟის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამს.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა დილით ტელეგრამზე მხოლოდ ის დაწერა, რომ გასული ღამის განმავლობაში ოლქის ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქ ვორონეჟის გარეუბანში, სამი დრონი ჩამოაგდეს და არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს სამი და რიაზანის ოლქში - ერთი უკრაინული დრონი.

ასევე ნახეთ აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევა მსოფლიო ბაზარს დააზარალებს

2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-ზე მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.