ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი წერს, რომ ქართველ პარლამენტარებს „აგენტების კანონზე“ ესაუბრა

ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ესაუბრა.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებული „გარე გავლენის“ კანონპროექტთან და მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე", - დაწერა ჯიმ ო'ბრაიენმა.

ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენის განცხადება დროში ემთხვევა ძალისმიერი მეთოდებით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის დაშლას რუსთაველის გამზირზე.

რამდენიმე საათია, პოლიცია დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის. თავდაპირველად გამოიყენეს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, მოგვიანებით კი დაიწყეს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

ამერიკელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ბოლო ყველაზე მწვავე განცხადება სენატმა გაავრცელა. აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონი, "რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტისა და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას".