„საქართველო დაჭკვიანდა” - როგორ გულშემატკივრობს კრემლი “ქართულ ოცნებას”

"ქართული ოცნების" აქცია კრემლის პროპაგანდის მთავარ ტელეარხზე, რასია 1-ზე. 29 აპრილის ეთერი

„აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა გაშავებაში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაც ჩაერთო. მის და „ქართული ოცნების” რიტორიკას ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ. ორივე ამტკიცების, რომ კანონს „დასავლეთიდან დაფინანსებული რადიკალები” ეწინააღმდეგებიან.

კრემლისტურმა მედიამ ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური განცხადებებიც მოიწონა.

რუსეთის სამივე სახელმწიფო არხი სიტყვა-სიტყვით იმეორებს ივანიშვილის ანტიდასავლურ თეზისებს, რომელიც მან 29 აპრილს, პარლამენტის წინ გააჟღერა.

ქვეყანას ებრძვის „გლობალური ომის პარტია“, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს” - ციტირებს ივანიშვილს ტელეკომპანია ენტევე.

29 აპრილს, ენტევემ რეპორტაჟი მიუძღვნა “ქართული ოცნების” აქციას

საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ენტევეც ამტკიცებს, რომ ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უპირისპირდებიან გამჭვირვალობას და არა მათი დადუმების ინსტრუმენტს.

ასევე ნახეთ გლობალური ომის პარტია, სუვერენიტეტი, მეორე ფრონტი, აგენტურა - ივანიშვილის გამოსვლა კონტრაქციაზე და შეფასებები

ქართული კანონი ამერიკულის მსგავსია და „მასში არაფერია პრო-რუსული”. ივანიშვილის მთავარი მიზანია, არ დაუშავს „უცხოური ჩარევა” საქართველოს შიდა საქმეებში - ამბობს პირველი არხის ტელეწამყვანი, 29 აპრილის საღამოს გამოშვებაში.

ქართული აგენტების კანონი "ამერიკულს ეფუძნება და საერთოდ არაა პრო-რუსული" - ამტკიცებს რუსეთის პირველი არხი

ყველაზე დიდ დროს თბილისში მიმდინარე ამბებს, ტრადიციულად უთმობს პროპაგანდის ფლაგმანი, ტელეკომპანია რასია.

უკვე მერამდენე დღეა ის თბილისში შეკრებილ ათასობით ადამიანს „აგრესიულ ბრბოს” და „რადიკალებს” ეძახის.

„დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტარანად იყენებს და ოცნებობს, იგივე საქართველოს უქნას. ბიძინა ივანიშვილს კი სურს, რომ „საქართველოს აღარ მართავდეს უცხოური აგენტურა” - ამბობს რასიას წამყვანი 30 აპრილის დილის გამოშვებაში.

ასევე ნახეთ “მეძავებს არ უნდათ, მეძავები ერქვათ” - კრემლის პროპაგანდა თბილისში მიმდინარე პროტესტზე

„აგრესიული” აქტივისტები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, „ამსხვრევდნენ ჯებირებს. ბლოკავდნენ ტრანსპორტს, ესხმოდნენ სპეცრაზმელებს, რომელთაც მოუწიათ ცრემლსადენი გაზის გამოყენება” - ჰყვება ტელეარხი.

რასიას მტკიცებით, ხელისუფლების მხარდასაჭერად 29 აპრილს ქუჩაში „ასი ათასი კაცი გამოვიდა”, თანაც საკუთარი ნებით.

რაც შეეხება კანონის მოწინააღმდეგეებს, ისინი შეიკრიბნენ „მდიდრების უბანში” [ვაკეში]. „როგორც ჩანს, დასავლელმა სპონსორებმა თანხა არ დაიშურეს” - თქვა რასიას ჟურნალისტმა, ბორის ივანინმა თბილისიდან მომზადებულ რეპორტაჟში.

“უარი თქვა ევროკავშირზე”

„ამას არავინ ელოდა. რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ უარი თქვა ევროკავშირზე” - სტატია ამ სათაურით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროკრემლისტურმა გამოცემამ, რია ნოვოსტიმ გამოაქვეყნა.

ტექსტი იშველიებს „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს და წერს, რომ „საქართველო მზად არაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად” და „ამაზე ქვეყანაში საერთო აზრი არ არსებობს”.

ტექსტი გამოქვეყნებულია მანამ, სანამ „ქართული ოცნება” პარლამენტის წინ მხარდამჭერებს გამოიყვანდა, თუმცა მასში კრემლის მხარმდაჭერი სპიკერი, შოთა აფხაიძე ვარაუდობს, რომ პარლამენტთან „100-150 ათასი კაცი მივა”.

შოთა აფხაიძე რუსეთის ხელისუფლებასთან არსებული ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტია და ხშირად ჩნდება პროკრემლისტურ მედიებში.

მისი ანტიუკრაინული პოზიციის გამო, 2023 წელს კიევმა მას სანქციები დაუწესა.

„სახელმწიფო მოხელეები, პრინციპში, სახელისუფლებო კურსს იზიარებენ. თუკი ვინმეს გაუჭირდება 20-25 ათასზე მეტი მომიტინგეს გამოყვანა, ეს ოპოზიციაა” - უთხრა აფხაიძემ რია ნოვოსტის.

საქართველო „დაჭკვიანდა”

„ქართული ოცნების” მხარდაჭერა ისმის კრემლის ერთგულ ტელეგრამ არხებზეც.

ყველამ იცის, რომ აშშ-ს საქართველო „საზარბაზნე ხორცად” უნდა, მაგრამ ივანიშვილისგან განსხვავებით, „ზოგს ამ სიმართლის თქმის ეშინია” - წერს რუსული ტელევიზიის ხშირი სტუმარი, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი.

ივანიშვილის სიტყვები „იმის ინდიკატორია, რომ აშშ უკვე თითქმის პირდაპირ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებას. ხელისუფლებაში სააკაშვილის მსგავსის მოყვანა უნდათ, რათა საქართველომ მართლა გახნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღდეგ,” - დაამატა მან.

„საქართველო თვალსა და ხელს შუა დაჭკვიანდა” - დაწერა ულტრამემარჯვენე მწერალმა, ზახარ პრილეპინმა, რომელიც უკრაინაში შეჭრის ცნობილი მხარდამჭერია.

მანვე მოუწონა ბიძინაივანიშვილის „დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთებული ბასრი განცხადებები”.

ზოგმა ივანიშვილის პოლიტიკური პოზიცია არ იკმარა და მას გემოვნებაც შეუქო.

„ქართული ოცნების” დამფუძნებელს „უმაგრესი პროექტები” და განსაკუთრებული გემოვნება აქვს - დაწერა რუსეთის სახელმწიფო კინომპანიის, როსკინოს ყოფილმა დირექტორმა, ეკატერინა მწითურიძემ.