სოციალურ ქსელ ფეისბუკში დღეს, 30 აპრილს შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „დაიტოვე“, რომელიც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობს.
ჯგუფში საჯაროა და მასში 4200 ადამიანია გაწევრებული (ბოლო ნახვა:19:00). მათი რაოდენობა მზარდია.
- „ᲨემიᲫლია ერთ ადამიანს ვუმასპინძლო და მოვათავსო დასაძინებლად მისაღებᲨი ტახტზე. ასაკს და სქესს მნიᲨვნელობა არ აქვს. Ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მყავს, აქციიდან დაბრუნებულს ისე დაგხვდებიან, როგორც საკუთარი მᲨობლები ან ბებო და ბაბუ"
- „რეგიონიდან ჩამომსვლელი 2-3 ადამიანი, რომლებიც აპირებენ კენჭისყრის გაპროტესტებასა და რუსული კანონის წინააღმდეგ თანამემამულეებთან ერთად ბრძოლას, შემიძლია დავიტოვო ჩემთან სახლში"
- „დატოვების პრობლემა არაა, ჩემი შვილების ტოლა გოგო-ბიჭები არიან. 5-6-7 გოგოს დავტოვებ ჩემთან სახლში. ბუდუსავით თუ მოვიქეცი და ლეიბები დავყარე, 15-საც დავტევ",
- ჯგუფში „დაიტოვე" ამ შინაარსის უკვე ათობით პოსტია გამოქვეყნებული.
ჯგუფის შექმნის იდეა მარიამ ბაბუნაშვილს ეკუთვნის:
„ის, რაც დღეს ხდება, ბუნებრივი პროცესია, რომელიც არ საჭიროებს აგიტაციას. ყველას საზიარო პროტესტი გვაერთიანებს. პროცესები ბუნებრივ დინებას მიჰყვება და ეს იდეაც ორი მეგობრის აქ დგომის სურვილით წამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ და საჯაროდ დაწერეს საცხოვრებლის გაზიარების შესახებ. ვადევნებთ თვალს, რომ აქციები თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც იმართება. ალბათ ამ მთლიანმა სურათმა გვიკარნახა თავად ეს იდეა", - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბაბუნაშვილმა.
დასარჩენის გარდა, ჯგუფის წევრები დაინტერესებულ ადამიანებს რეგიონებში, აქციაზე წამოსასვლელად ტრანსპორტირებასაც სთავაზობენ.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" „აგენტების კანონი" პარლამენტში მეორედ შემოაბრუნა, მისი მოწინააღმდეგეები უკან გაწვევის მოთხოვნით აქციებს ყოველდღე მართავენ. ასეთი აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ პარლამენტის წინ დღეს, სამშაბათს, 30 აპრილს, 19:00 საათზე;
საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავენ. ეს პროცესი საღამოს შვიდი საათიდან პროტესტის ფონზე გაგრძელდება.