„მე მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ სამყაროში, რომელიც შეთქმულების თეორიით იმართება“ - მეგრელიშვილი 

ვახტანგ მეგრელიშვილი, პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან. პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ შეკრებას. დეპუტატის თქმით, ღონისძიების ორგანიზებაში დახარჯული თანხები გაუმჭვირვალეა.

„29 აპრილს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ფონზე. გუშინ, მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ 100 ათასი კაცი ყოფილიყო, გინდა 50 ათასი. გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს, ცხადია, დაფინანსება სჭირდებათ. წარმოვიდგინოთ, თითოეულ ადამიანი საშუალოდ 100 რომ ღირებულიყო, დაიხარჯა დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს, ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული? სად არის ის გამჭვირვალობა?“ - მიმართა მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს.

მან შეაფასა კონტრაქციაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა და მისი განცხადება „გლობალური ომის პარტიაზე“. მეგრელიშვილის ვარაუდით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეთქმულების თეორიის შესაბამისად იმართება.

„გუშინ მთავარი ამბავი მოხდა, გავიგეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, მე მგონი, სამყაროში, რომელიც იმართება შეთქმულების თეორიის შესაბამისად. თურმე აღმოჩნდა, რომ 2004 წლიდან ჩვენ გვმართავენ 'მასონები', 'მასონები მართავენ მსოფლიოს' - დაახლოებით ეს მოვისმინეთ…

თქვენმა ლიდერმა [ბიძინა ივანიშვილმა] დააფიქსირა მტრები, არცერთის სახელი არ უთქვამს, სახელებად რა ჰქვიათ 'გლობალური ომის პარტიის' წარმომადგენლებს? ადამიანები ხომ არიან, ვინ არიან ესენი? ესენი ეფემერული არსებები არიან? დამალულები არიან? ეზოთერული ცოდნაა საჭირო, რომ ვიცოდეთ? თუ თქვენც იცით, ვინ არის თქვენი მტერი, რომელიც თურმე ოცი წელია თურმე აგენტების მეშვეობით გვმართავს?..

თუ აგენტების მეშვეობით გვმართავენ, ხელისუფლების მოსვლიდან გუშინდელ დღემდე თურმე სიმართლეს ვერ ამბობდით - ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა პირადად გამოსვლა… სახელები მაინტერესებს, ვინ არის 'გლობალური ომის პარტიის' 'ლიდერშიპი?' - მიმართა ვახტანგ მეგრელიშვილმა მმართველი პარტიის წევრებს და მათ ჰკითხა, - გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლის გაგრძელება რა უნდა იყოს? ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების სრული აღმოფხვრა? წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ გჯერათ, შეთქმულების თეორიაზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოთ და არ მოგიწიოთ ამ ხალხის დასახელება?“

ასევე ნახეთ გლობალური ომის პარტია, სუვერენიტეტი, მეორე ფრონტი, აგენტურა - ივანიშვილის გამოსვლა კონტრაქციაზე და შეფასებები

გუშინ, 29 აპრილს, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.