„არჩევნების შემდეგ 'ნაციონალური მოძრაობა' მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს განცხადება ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, გააკეთა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც მმართველი გუნდი უწოდებს „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“. კონტრაქციის დევიზია „მამული, ენა, სარწმუნოება“
„ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს 'ნაციონალები' სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა 'ნაციონალური მოძრაობის', როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების, გასამართლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის მტკიცებით, წარსულში „ოცნებას“ არ ჰქონდა „'ნაციონალების' დასჯის რესურსი“.
ასევე ნახეთ NGO-ების გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების გარედან დანიშვნის ინსტრუმენტია - ივანიშვილი„კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. 'ნაცმოძრაობა' ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავსმოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა“, - თქვა მან.
ივანიშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტის 25 აპრილს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც, მისი თქმით, „ევროპელი პოლიტიკოსები 'ნაციონალური მოძრაობის' დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ“.
ექსპრემიერმა გაავრცელა შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“ და განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი“.
მისი თქმით, ამას ორი მიზანი ჰქონდა: „ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ“.
„ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ 'ნაციონალურ მოძრაობას' გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის ცხრაწლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12- წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს“, - განაცხადა მან.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ექსპრემიერმა დღევანდელ გამოსვლაში რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ „გლობალური ომის პარტიას“ დააბრალა.
ასევე ნახეთ ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებს 2008 წლის ომს და რუსეთის აგრესიას უკრაინაშითბილისში, პარლამენტის შენობის წინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული "საერთო-სახალხო შეკრება" "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით დასრულდა.
მანამდე შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდინა.
29 აპრილს დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „აგენტების კანონის“ პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.
„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“