თბილისის მერია „ოცნების“ აქციაზე ჩამოსულ მძღოლებს პარკინგის საფასურს არ ახდევინებს

თბილისი, მტკვრის სანაპირო: ტროტუარებზე „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩამოყვანილი ტრანსპორტია გაჩერებული.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩამოსული მძღოლები დედაქალაქში უფასო პარკინგით სარგებლობენ. ამისთვის მათ სპეციალური სივრცეები აქვთ გამოყოფილი - მათ შორის დაკავებული აქვთ საავტობუსო ზოლები და საფეხმავლო გზები.

მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად რეგიონებიდან ასობით სატრანსპორტო საშუალებით ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა. მძღოლებს, რომლებსაც არ აქვთ თბილისში წინასწარ ნაყიდი პარკირების სერვისი, მუნიციპალიტეტი 50 ლარით აჯარიმებს.

„ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე მოთხოვნილია სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიების გატარება. შესაბამისად, წინასწარ განისაზღვრა შეკრებისთვის საჭირო საპარკინგე ადგილები“, - უთხრეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.

დამატებით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დანარჩენ საპარკინგე სივრცეებზე ვრცელდება „კანონით დადგენილი წესი“.

დღეს, 29 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციას მართავს. ეს არის კონტრაქცია უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტისა, აქციებისა, რომლებიც დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში იმართება „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.