ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის ინფორმაციით, ცესკომ მათი ახალი პარტიის, „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა.
ცესკოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილი, რომლითაც მათ საარჩევნო ადმინისტრაციას აცნობეს, რომ „უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას“.
ზურაბ მახარაძემ „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ცესკოს წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საჯარო რეესტრმა წარმოებაში მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ცესკომ პარტია „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა.
„ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო.
ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც „ოცნება“ ,,ქართულ იდეას“ აუქმებს, პარტიას, რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ, იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ“, - აცხადებს ზურაბ მახარაძე.
შოთა მარტინენკომ თქვა, რომ მმართველი პარტია ჩრდილოეთ კორეის გზით მიდის. „უბრალოდ გვბლოკავენ, ეს არის რეალობა ამ ეტაპისთვის. დანარჩენი, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხი, როგორი უნდა იყოს, ამას შემდგომ მოგახსენებთ. ამ ეტაპისთვის არის ეს მოცემულობა - რეალურად „ოცნება“ ყველანაირ ზღვარს გადავიდა, კანონში არსებულ საშუალებებს გაცდა, ჩრდილოეთ კორეის პროცესით მიდის“, - განაცხადა შოთა მარტინენკომ, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ განმარტა, რომ პარტია „ქართულ იდეას“ იურიდიული ხარვეზები არ გააჩნია. „ქართულ იდეას“ არანაირი იურიდიული ხარვეზი არ გააჩნია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ცესკოს წერილი არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი პოზიცია, რომ ეს ქვეყანა მისი საკუთრებაა“, - განაცხადა ქარდავამ.
„ქართულ იდეას“ მართლაც აქვს მონაწილეობა მიღებული 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარტიამ „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“ ხმების 0.43% მიიღო.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ანტიკორუფციულ ბიუროს და დაინტერესდა, რას ეხებოდა „ქართული იდეის“ საკითხზე საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი საჩივარი. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ასევე ნახეთ „ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმებულია„კონსერვატიულმა მოძრაობამ“/„ალტ-ინფომ“ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად ცესკოში რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. 8 აპრილს, როცა „ალტ-ინფოს“ ცესკოდან პასუხი უნდა მიეღო, საჯარო რეესტრმა პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა.
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.
13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ „ალტ-ინფოს“ გადასცეს ცესკოში რეგისტრირებული პარტია „ქართული იდეა“, რომლის ლიდერიც ლევან ჩაჩუაა. „ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული“, - აცხადებდა ზურაბ მახარაძე.
ასევე ნახეთ ალტ-ინფოს გამქრალი პარტია და "სახიფათო პრეცედენტი" სხვებისთვისსაქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერების ორგანიზებით, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც დედაქალაქში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. იმ დღეს „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.