"ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას", - ამბობს კალაძე.
მისი თქმით, "აბსურდული ჩანაწერია" ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხის შესახებ. კალაძის სიტყვებით, ამის მიზანი საზოგადოების დაბნევა, აჟიოტაჟი და საპროტესტო ტალღის გამძაფრებაა.
მმართველი პარტიის ლიდერი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ამის [ვიზალიბერალიზაციის გადახედვის] მექანიზმი არ არსებობს და, რომ "არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება".
"საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ", - ამბობს კალაძე.
იგი, ასევე ევროპარლამენტარებზე ამბობს, რომ "თავიდან ბოლომდე ლობიზმში არიან ჩართულები", რადგან მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, პარალელურად, კი "ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, "ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აგენტი კრიმინალების ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებას გადაარჩინა".
კალაძის სიტყვებით, "სამარცხვინო რეზოლუციით" ევროპარლამენტარები მოუწოდებენ, უკან გაიწვიონ კანონი "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვაზე.
"ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ გვითხრეს, რომ საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციულ სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომავალ თაობას", - ამბობს ის და ირწმუნება, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებაა დაცული, განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა.
ასევე ნახეთ სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს:
- ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგი იყო - 25, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.
საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტის თანახმად, კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით, მიღების სავარაუდო თარიღია 17 მაისი.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.