სები „ოფშორების კანონის“ გამო „ფულის გათეთრების“ რისკის ზრდას სპეკულაციას უწოდებს

საილუსტრაციო ფოტო: ეროვნული ბანკის აბრა

“ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით გაიზრდება სანქციების დარღვევის რისკი.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება", - წერია სების განცხადებაში.

სების თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

"ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა", - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.

ასევე ნახეთ საქართველოს ოფშორებში შენახული სიმდიდრის „გადმოქაჩვა“ უნდა, ვინ იხეირებს?

“ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.

ასევე ნახეთ „ოფშორების კანონი“, ოქროს ყიდვა და სანქციების აღსრულების წესის ცვლილება - რისთვის ემზადება საქართველო

უცხოური საწარმოს ყველა აქტივის [წილი/აქცია] საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება. მარტივად აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება.

იმ შემთხვევაში, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი და სხვა, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. თუმცა კანონი გავრცელდება მხოლოდ მისი მიღების დროს არსებულ აქტივზე და არა შემდეგ შეძენილზე. ოფშორული კომპანიები ამ რეჟიმით 2028 წლის იანვრამდე ისარგებლებენ.