დეპუტატი კაჭარავა მსვლელობის მონაწილეებს არწმუნებს, რომ “ეს კანონი ქართულია”

"არა რუსულ კანონს" - აქცია-მსვლელობა თბილისში. 23 აპრილი, 2024 წელი

23 აპრილს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ.

დღევანდელ აქციაზე დემონსტრანტები მსვლელობით წავიდნენ ევროკავშირის ოფისისკენ, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარტია " ხალხის ძალის" წარმომადგენლის, დავით კაჭარავას ავტომობილი მსვლელობის შუაგულში აღმოჩნდა.

დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს. აქციის მონაწილეები დეპუტატს სთხოვდნენ, საჯაროდ, ტელეეთერების მეშვეობით განეხილათ "აგენტების კანონი" მათთან ერთად. ამ დროს დეპუტატი გადმოვიდა მანქანიდან და დაიწყო შეკრებილების დარწმუნება, რომ "ეს კანონი ქართულია".

"ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ესაა მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის. მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით. ახლა კარგად ბრძანდებოდეთ", - მიმართა მან აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც პატრულის დახმარებით ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში და პატრულისვე თანხლებით დატოვა მსვლელობის ტერიტორია.

"ხალხის ძალის" დეპუტატი დავით კაჭარავა აქცია-მსვლელობაზე, 23 აპრილი, 2024 წელი

მეექვსე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.

მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციებზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებენ.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა - 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ გაწვევას.