რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“. ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
საოკუპაციო ძალებმა ბოლო კვირაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.
19 აპრილს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან დაკავებული სამი მოქალაქე ე.წ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თამაზ ეცადაშვილმა, ვალერი გიუნაშვილმა და ოთარ ტერაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ხუთი დღე გაატარეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაათავისუფლებენ დირბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულებს. როგორც წესი, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები გაზაფხულზე და შემოდგომით იზრდება ხოლმე. ამ დროს მოქალაქეები მინდვრებში, მიწის ნაკვეთებსა და ტყის მასივებში გადიან, რა დროსაც საოკუპაციო ძალა მათ აკავებს და ცხინვალში გადაჰყავს.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.