ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც 20 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის.
ანდრიუს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე წერს:
„დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ კი ამბობს, რომ საქართველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია - „ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპელი ხალხი კი ამას ქუჩებში აპროტესტებს“.
ირაკლი ღარიბაშვილმა, 20 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა:
„არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ახალგაზრდებს: არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე?რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებს.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა - 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
მეოთხე დღეა, საკუთარი ინიციატივით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას.