„უცხოეთის აგენტების" კანონის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა ექვსმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.
პარტიები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, „მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი“.
„შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
პოლიტიკური პარტიები აღნიშნავენ, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“ - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები:
- „ახალი“;
- „გირჩი მეტი-თავისუფლება“;
- „დროა“;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
- „ლელო საქართველოსთვის“;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
- კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილეს მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
- მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
- მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.
„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.