ირაკლი კობახიძე: კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პარლამენტში „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებას. ის აცხადებს, რომ კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება.

„სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის აზრით, საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებით. „შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ობიექტური მიზეზების გამო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც.

ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები.

„სამწუხაროა, რომ არცერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი. ვნახეთ შოლცის, სტოლტენბერგის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს. არცერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი. გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი", - აღნიშნა მან და დასავლელ დიპლომატებს კვლავ შესთავაზა კანონპროექტის შესახებ დისკუსიის გამართვა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო

ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.

„აგენტების კანონს“ მოქალაქეები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ პარლამენტის შენობასთან. აქციები მიმდინარეობს სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“.

წუხელ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია.

ასევე ნახეთ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

ასევე ნახეთ ჯოზეპ ბორელი და ოლივერ ვარჰეი: "საბოლოოდ მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლაზე"

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.