შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტრო სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
დემონსტრანტები „ქართული ოცნებისგან“ „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვდნენ.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორში „რვა დაკავებულიდან, მგონი, ექვსი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ჩვენ, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი რეაგირება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას, ამ დოკუმენტებს და შემდგომში გავაგრძელებთ მონიტორინგს ამ საქმეების.“
ომბუდსმენი ამბობს, რომ დღეს, 17 აპრილს, ყველა დაკავებულს მოინახულებს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად გავიგო მათგან, რა ვითარებაში დააკავეს და ასევე ისინი მიუთითებენ ფიზიკურ დაზიანებაზე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველი პირადად უნდა გაესაუბროს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ დაკავების დროს სცემეს“, - განაცხადა მან.
იოსელიანმა დაამატა, რომ სპეციალური დეპარტამენტი მუშაობს დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხის შეფასებაზე.
აქციას 17 აპრილს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა აქციაზე იყვნენ ჯგუფები, „რომელთაც ჰქონდათ ამოცანა, პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ“.
ასევე ნახეთ „ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ“ - აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები, დააკავეს ასევე ნახეთ სპეცრაზმელებმა აქციაზე "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემესწუხელ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
16 აპრილს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა.
ომბუდსმენმა 16 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ“.