"კარგად ვარ, ტვინის შერყევა მაქვს" - ამბობს დიმიტრი ბერიძე, რომელიც პოლიციამ წააქცია და სცემა

აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძე, რომელზეც ფიზიკურად იძალადა პოლიციამ.

დიმიტრი ბერიძე, რომელსაც 16 აპრილს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ტვინის შერყევა აქვს. პასუხი კითხვაზე, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიციელების მხრიდან ცემის შემდეგ, მან რადიო თავისუფლებას გამთენიისას მისწერა. ის ჯერაც კლინიკაში რჩება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს.

16 აპრილის აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, 15 აპრილის ღამეს - 14. აქციებზე დაშავებულია არაერთი ადამიანი. 16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები.