"პუბლიკის" ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დემონსტრანტების დაკავებას იღებდა. ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი რამდენიმე სპეცრაზმელმა კედელთან მიიმწყვდია.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი იხსენებს, რომ ერთმა სპეცრაზმელმა ტელეფონი წაართვა, მეორემ კი სახეში დაარტყა:
"ნიღბიანები რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც დავიწყე გადაღება. გადავიღე, როგორ დააკავეს ერთი ადამიანი. შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმელები სხვებსაც დაედევნნენ, მეც გავყევი უკან და რომ მოვიხედე, სცადეს ჩემს საქმიანობაში ხელის შეშლა. ტელეფონი წამართვეს, თუმცა, ალბათ, ერთ წუთში დავიბრუნე [ტელეფონი], ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, ჟურნალისტი ვარ. ერთი [სპეცრაზმელი] რომ მაკავებდა, კიდევ ერთი მოვიდა და სახეში დამარტყა".
აქციაზე, ჟვანიას ქუჩაზე, სცემეს "ტაბულას" ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს. როგორც გამოცემა წერს, მასაც პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ასევე აქციაზე სცემეს "აპრილის" ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს. როგორც გამოცემა წერს, გიორგი ბასხაჯაური ადგილიდან იტყობინება, რომ მას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჰომოფობიური ნიშნით “პიდარასტს“ ეძახდნენ.
ასევე ნახეთ პარლამენტის შენობასთან დარჩენილ მოქალაქეებს სპეცრაზმმა სცემაპარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ამ დრომდე [01:27] იმართება. დაახლოებით 22:00 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება. როგორც უწყებაში განმარტეს, ე.წ. წიწაკის სპრეი "ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად" გამოიყენეს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.