თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე ფეისბუქზე გავრცელებული ვრცელი განცხადებით "აგენტების კანონს" აკრიტიკებს. მისი სიტყვებით, ამ კანონის არსებული ფორმით მიღების იდეაა "მტრული საქმე".
"როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს?" - წერს იგი და აგრძელებს:
"ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების იმაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა, ვიდრე ის მიღებულია დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში,
პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს უცხო ძალებად, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილ საქმიანობას აგენტურულად და მტრულად რაცხავს,
ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებთანაც ურთიერთობა კონსტიტუციაში გვიწერია და რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სოციალურ - ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოება, რა არის თუ არა მტრის - რუსეთის სასიკეთო საქმის კეთება?
ჩემს მეგობრებს, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით იცავენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ადაპტირებულ გარემოს და სხვადასხვა განმავითარებელ სერვისებს, ვინმე რატომ უნდა ეძახდეს აგენტს? ან ჩემი წარსული ნამუშევარი რატომ უნდა იყოს აგენტურულად მოხსენიებული.
ამ კანონს მე- 2, მე- 6 და მე- 9 მუხლი კი არ აქვს რუსული, მისი ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე.."
გიგა სოფრომაძის თქმით, იგი თავადაც მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში და ყველა გრანტი, რომელსაც იღებდა, ეროვნული ბანკის გავლით ირიცხებოდა, ხოლო ყველა დაქირავებულ პირსა და შესყიდვაზე ყოველთვე დეტალურ დეკლარაციას გზავნიდა შემოსავლების სამსახურში:
"წლის ბოლოს ვგზავნიდი წლიურ დეკლარაციას.. ამას აკეთებს ყველა იურიდიული პირი, მნიშვნელობა არ აქვს ის არასამთავრობოა თუ სურსათის მაღაზია.. მისი მიზანი კი სწორედ შავი ფულის და დამალული გადასახადების გამოვლენაა და თუ ამაში ხარვეზი გვაქვს, არ ჯობია არსებული კანონი დავხვეწოთ, ვიდრე რაღაც არაფრის მომცემი, მაგრამ ყველაფრის წამრთმევი კანონი მივიღოთ?"
ასევე ნახეთ პრეზიდენტი "დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას" უწოდებს "აგენტების კანონის" მიღების მცდელობას პროტესტის ფონზე
პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია იმართება. დაახლოებით 22:00 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება. როგორც უწყებაში განმარტეს, ე.წ. წიწაკის სპრეი "ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად" გამოიყენეს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
ასევე ნახეთ შსს: აქციაზე 11 პირი ადმინისტრაციული წესით დავაკავეთპარლამენტის 16 აპრილის სხდომაზე დღის 12:00 საათიდან განიხილავდნენ "აგენტების კანონს". 21:00 საათზე სხდომა დაიხურა და კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა 17 აპრილს, ისევ 12:00 საათზე გაგრძელდება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.