საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში თავისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც მმართველი გუნდის მიერ პარლამენტშია ინიციირებული.
კობახიძის სიტყვის ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და „ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი“.
„გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოისმინეს დასაბუთება არასამთავრობო ორგანიზების მიერ, გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული“, - თქვა კობახიძემ.
მან ოლაფს შოლცს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ამ პირობებში მათ სრული უფლება აქვთ, "არასამთავრობოებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.“
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ იყო უკვე ორი შემთხვევა, ხელისუფლება შეცვლილიყო არა საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად.“
კობახიძის თანახმად, „ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული, გამოაქვეყნონ ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას“.
კითხვაზე, ხომ არ დაზიანდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როდესაც საქართველოს პრემიერი, კანცლერი შოლცი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კანონპროექტს სრულიად განსხვავებულად უყურებენ, კობახიძემ უპასუხა, რომ მზადაა დისკუსიისთვის ევროპელ, ამერიკელ და ადგილობრივ პარტნიორებთან.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მანამდე თქვა, რომ „დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ აგენტების შესახებ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა განაცხადა:
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერჯერობით არ არის, ალბათ არც იქნება გადაწყვეტილი“.
ასევე ნახეთ დიდი იმედი მაქვს, მას აღარ მიიღებენ - ოლაფ შოლცი კობახიძეს „აგენტების კანონზე“გერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლების კრიტიკული გამოხმაურებები „აგენტების კანონზე“.
საქართველოს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 11 აპრილს თქვა, რომ „გერმანია შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, რადგან ის შეუსაბამოა ევროკავშირის პრაქტიკასთან.
„აგენტების კანონს“ „ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა.
ამასთან, მიხაელ როთი ერთ-ერთი ხელმომწერი იყო განცხადებისა, რომელიც ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივად გაავრცელეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონი „თავისი შინაარსით წარმოადგენს რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ კანონის ზუსტ ასლს“ და „სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს“.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ "ეს კანონპროექტი, როგორიც ის ახლაა, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება კანონის მიღებაზე დადებითი შეფასების გაკეთება".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება "საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა..."
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ "აგენტების კანონს", მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.