ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

ფოტო არქივიდან: ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომაზე

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მისმა ადვოკატებმა მიმართეს. მათ განცხადება უკვე დატოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - თბილისში, ათონელის ქუჩაზე.

გრიგორიადისის ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებას წერენ.

გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დღეს, 12 აპრილს. გრიგორიადისს პროკურატურა ედავებოდა გასულ წელს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს, პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას.

ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი“, - უთხრა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.