საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, "აგენტების კანონთან" დაკავშირებით აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასაჯაროდ და საჯაროდაც გამოხტა თავისი სერიოზული შეშფოთება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ის გადაახვევინებს საქართველოს თავისი ევროპული გზიდან და უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, აკეთონ საქმე ქართველი ხალხის დასახმარებლად.
ხაშურში, ამერიკულ ცენტრში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, "არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის".
ასევე ნახეთ პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია მისი „რუსულ პროექტად“ მიჩნევა"მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონპროექტი არ არის შეერთებულ შტატებში არსებული კანონის მსგავსი, შეერთებული შტატები მიესალმება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომლებსაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ხალხთან და მთავრობასთან ხელჩაკიდებული და მხარს უჭერს საქართველოს ევროპული გზას“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
რობინ დანიგანმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე და ექვსი მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა აღმოუჩინა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს 30 წლის განმავლობაში.
"ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვის ძალები, გააძლიერა და აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური, რათა საქართველომ შეძლოს თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება. ჩვენი დახმარებით ააშენა საავადმყოფოები და სკოლები, ჩვენ გადავამზადეთ ექიმები, მასწავლებლები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ჩვენი დახმარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდა დამოუკიდებელი დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად", - თქვა დანიგანმა, რომლის თანახმადაც, ამერიკული ცენტრები, სადაც არის ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები, ათასობით ქართველი ახალგაზრდისთვის მიცემული შესაძლებლობაც, რომ ისწავლონ აშშ-ში, "არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ“.
ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალებიმისი თქმით, მეგობარი ქვეყნები ეხმარებიან ერთმანეთს გაძლიერებაში და მათი შესაძლებლობების განვითარებაში, რათა შეეძლოთ უკეთ თავდაცვა.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება "საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა..."
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ "აგენტების კანონს", მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
გუშინ, 9 აპრილს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე - „თავისუფლების მარში" გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში.