„რა გიკვირთ, რატომ გაგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის? ნაცია ხო ახლა, რა არის ამაში პრობლემა, როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელია, ხო იცით ეს ჩემზე უკეთესად", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებზე.
Your browser doesn’t support HTML5
9 აპრილს გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე გამოაქვეყნა თავისი დისშვილის ფოტო თბილისში გამართული პროევროპული მარშიდან. ამის შემდეგ ფეხბურთელის ვერიფიცირებული „ინსტაგრამ-გვერდი", 20 000 გამომწერით, ხელმისაწვდომი აღარ არის. ( 10 აპრილი, 14:00)
ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეებმა ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ-სთორი“ მხარდაჭერად აღიქვეს. ეს ვარაუდი განამტკიცა ფეხბურთელის მამის ფეისბუკაქტივობამაც.
შვილის „ინსტაგრამის“ გაქრობის შემდეგ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე იდენტური ფოტო გამოაქვეყნა და ასევე დაწერა, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“.
მესამე ფეისბუკპოსტში ფეხბურთელის მამამ ჟურნალისტებს უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მისი პოზიცია უცვლელი და დაფიქსირებულია. „ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს“, - დაწერა როინ ქოჩორაშვილმა.
26 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთს პენალტების სერიაში პირველი თერთმეტმეტრიანი გიორგი ქოჩორაშვილმა გაუტანა.
ე.წ. აგენტების კანონს სხვადასხვა ფორმით გასულ წელსაც გამოეხმაურნენ ქართველი სპორტსმენები. მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია, გიორგი ლორია, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, საბა კვირკველია.