ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ახალ გზებს ხსნის

პალესტინელები ალ-შაფის საავადმყოფოსთან მას მერე, რაც იქ ისრაელის არმიამ დაასრულა თავისი ორკვირიანი რეიდი. 1 აპრილი, 2024 წელი. ისრაელმა გამოაცხადა, რომ გახსნის ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობისთვის გამშვებ პუნქტს.

ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, ერეცს, კვლავ გახსნის და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად სხვა ნაბიჯებსაც დგამს. ღაზის სექტორი განადგურებულია ისრაელის ექვსთვიანი ოპერაციის შედეგად საჰაერო და სახმელეთო იერიშების შემდეგ, რომელიც მოჰყვა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაციის ჰამასის შეჭრას. ამ თავდასხმას 1200 პირი შეეწირა ისრაელში, ხოლო 240 მძევლად იქნა აყვანილი. მათი ნაწილი გაათავისუფლეს ნოემბერში, ნაწილი დაიღუპა. ღაზის სექტორში ომის შედეგად 33 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

აშშ-ის, ასევე გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ენტონი ბლინკენი და ანალენა ბერბოკი მიესალმნენ ისრაელის ნაბიჯს. ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ამ გეგმების შესახებ გამოაცხადა 5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრიდან რამდენიმე საათში.

ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან დამოკიდებულია იმაზე, მიმართავს თუ არა ისრაელი უფრო აქტიურ ქმედებებს სამოქალაქო მოსახლეობისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლების დაცვის და რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მხრივ.

ამ კვირაში ისრაელის არმია მძაფრად გააკრიტიკეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის - World Central Kitchen-ის თანამშრომლების დახოცვისთვის. ამ ინციდენტის დროს დაშვებული შეცდომების გამო ისრაელის არმიის ორი ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან.

World Central Kitchen-მა თავისი თანამშრომლების დაღუპვის შემდეგ შეწყვიტა საქმიანობა ღაზის სექტორში. 4 აპრილს ღაზის სექტორი დატოვა ასვე ესპანეთის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Open Arms-მა, რომელიც WCK-თან ერთად საზღვაო დერეფანს ამზადებდა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად.

ასევე ნახეთ ღაზის სექტორი - უახლესი 75 წელი მოკლედ