ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე

ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადება 3 აპრილს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" ისევ გადაწყვიტა, მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.

ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი, საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განზრახვას, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ჯიმ რიშის და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადება 3 აპრილს გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე. ნათქვამია, რომ სენატორებმა განცხადება გამოაქვეყნეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა პარტიამ ისევ წარმოადგინა „რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ“.

რიში და შაჰინი წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტების“ კანონის დაბრუნებას და მიიჩნევენ, რომ ეს გამოიწვევს ქვეყნის შემდგომ გაყოფას. ამერიკელი სენატორების შეფასებით, ეს ჰგავს კანონებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობისთვის, რისი მიზეზიც საქართველოში დემოკრატიულ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!..

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხალხმა ეს შეთავაზებული კანონი უარყო 2023 წლის მარტში, მასობრივი დემონსტრაციების დროს.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, კანონპროექტი არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს წაიყვანს არასწორი მიმართულებით, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროპის კავშირში.

სენატორები მიიჩნევენ, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი მაჩვენებელი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას კანონის მიღებაზე.

ასევე ნახეთ გასულ წელს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ამ კანონის მიღებაზე უარის სათქმელად - სახელმწიფო დეპარტამენტი

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ ხელახლა წარადგენს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თანახმად, ტექსტი 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტის მსგავსია, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონის მიღების აუცილებლობა მდინარაძემ იმით ახსნა, რომ, „ე.წ. სამოქალაქო სექტორი" რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ", რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის".

ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალები

2023 წელს „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.

კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ, ოპოზიციამ „ქართული ოცნება" კვლავ დაადანაშაულა გამჭვირვალობის ყალბი საბაბით „რუსული კანონის" მიღების მცდელობაში, რუსეთის მორიგი დაკვეთის შესრულებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ანტიქართული პროპაგანდა" უწოდა კანონპროექტის „რუსულად" მოხსენიებას და პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიკროფონის გამორთვით დაემუქრა ყველა დეპუტატს, ვინც „რუსულ კანონს" ახსენებს.

ასევე ნახეთ ერთი წლის შემდეგ "აგენტების კანონი" პარლამენტში ისევ დაბრუნდა