3 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა და თქვა, რომ გასულ წელს იმავე შინაარსის კანონპროექტის წინააღმდეგ ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, "ევროპული ამბიციების დასაფიქსირებლად".
"ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომ ისინი ["ქართული ოცნება"] განიხილავენ პოტენციურ კანონპროექტს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა ევროპული ამბიციები დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გავაგრძელოთ", - აღნიშნა მილერმა.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
ასევე ნახეთ ერთი წლის შემდეგ "აგენტების კანონი" პარლამენტში ისევ დაბრუნდა ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალები3 აპრილის ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.