ავსტრიისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის გამო, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა, განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა. მისი თქმით, ეს პრობლემა განიხილება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ამის თაობაზე სააგენტო Associated Press-ი იტყობინება.
კანცლერის განცხადება მოჰყვა საკონსტიტუციო დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამად უკვე გაუქმებული ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის დაპატიმრებას, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
„არის სერიოზული ბრალდებები. ერთი მხრივ, ისინი სასამართლო ორგანოებმა უნდა შეაფასოს, მეორე მხრივ, აუცილებელია, შევაფასოთ და განვმარტოთ რესპუბლიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება... ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთის ჯაშუშურმა ქსელებმა შეაღწიონ და თვალყური ადევნონ პოლიტიკურ პარტიებსა და გაერთიანებებს და ამით საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
ოტი მარტის ბოლოს დააკავეს. ვენის პროკურატურას არ გამოუქვეყნებია მისთვის წაყენებული ბრალდებების დეტალები და მხოლოდ იტყობინებოდა, რომ ისინი დაკავშირებულია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან, რამაც „ზიანი მიაყენა ავსტრიას“. გაზეთ Der Standard-ის ინფორმაციით, სხვათა შორის ოტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მაღალი რანგის წარმომადგენლის მობილურ ტელეფონებში დაცული ინფორმაცია.
გაზეთის ცნობით, ეგისტო ოტი დააკავეს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე. ბრიტანეთმა უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში დააკავა ბულგარეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობაში. ისინი ეჭვმიტანილი არიან, რომ ოტთან ერთად თანამშრომლობდნენ იან მარსალეკთან, საფინანსო კომპანია Wirecard-ის ყოფილ დირექტორთან. მედიის თანახმად, მარსალეკი დიდხანს თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. 2017 წელს ოტი სამუშაოს ჩამოაშორეს დასავლეთის სპეცსამსახურების მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, რომ ის შესაძლოა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდეს. 2021 წელს ის დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ რუსეთის აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლა უხილავ ფრონტზე ასევე ნახეთ აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში რჩება