კიევის მერი: "ქვეყნის გული" პუტინის სამიზნეა, შესაძლო თავდასხმისთვის მზად ვართ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ისევ შეეცდება კიევის აღებას. ამის შესახებ მან მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ბევრად, ბევრად უკეთესად ვართ მომზადებული, ვიდრე ორი წლის წინ, კიევზე შესაძლო ახალი თავდასხმისთვის. საიდუმლო არ არის, კიევი იყო და რჩება სამიზნედ პუტინისთვის, რადგან დედაქალაქი ქვეყნის გულია. ჩვენ ვიცით ეს და ვემზადებით შესაძლო შეტევისთვის... ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - აცხადებს კლიჩკო.

მისი თქმით, „თუკი პუტინი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს სისხლიანი გადაწყვეტილება იქნება მისთვის“.

Bild-თან ინტერვიუში კიევის მერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად განიხილოს მოლაპარაკებების ან ომის „გაყინვის საკითხები“, ხოლო არავის აქვს გარანტია, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შემთხვევაში, ის მეტს არ მოითხოვს.

„ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება დიდი მხარდაჭერა. რუსეთს არანაირ ტერიტორიას არ მივცემთ. ეს ვერ იქნება კომპრომისი“, - ამბობს კლიჩკო ინტერვიუში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში ყველა დაიღალა ომით, მათ შორის - ჯარისკაცებიც ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს გამარჯვების რწმენის ნაკლებობას არ ნიშნავს. კიევის მერი სამხედრო მობილიზაციის აუცილებლობაზეც ლაპარაკობს, რათა ფრონტზე როტაციის შესაძლებლობა გაჩნდეს.

ვიტალი კლიჩკომ Bild-ის ჟურნალისტს ვიდეოინტერვიუ გერმანულ ენაზე მისცა.