აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სისულელე და პროპაგანდა უწოდეს რუსეთის მცდელობებს, უკრაინას დაუკავშიროს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმა.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ვაშინგტონში 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ პატრუშევის და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მცდელობისა, პასუხისმგებლობა გადაიტანონ უკრაინაზე, აშშ-სა და ყველა დანარჩენზე, ვინც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ შეესაბამება, ტერაქტზე ერთადერთი პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა“.
ასევე ნახეთ აშშ და ბრიტანეთი ტყუილს უწოდებენ რუსეთის განცხადებას ტერაქტთან მათი და უკრაინის კავშირის შესახებჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ ცდილობდა ტერაქტის აღკვეთაში დახმარებას, რაც კრემლმა კარგად იცის. კერძოდ, შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა მკაფიო და დეტალური ინფორმაცია ტერაქტის საფრთხეზე, რომელიც მოსკოვში მასობრივ შეკრებებსა და კონცერტებზე არსებობდა.
ჯონ კირბის თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს არსებული არხებით და შესაბამისი პროცედურების დაცვით, 7 მარტს, დილით, გაუგზავნეს წერილობითი გაფრთხილება, შემდეგ კი საელჩომ აშშ-ის მოქალაქეები საჯაროდაც გააფრთხილა, რომ მოსკოვში თავი აერიდებინათ დიდი შეკრებებისა და კონცერტებისთვის.
ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჯონ კირბიმ გაიხსენა ფერმერი ბიძის ნათქვამი, რომ ნეხვით კარგი მოვაჭრეები თავის ნიმუშებს ხშირად პირით დაატარებენ. კირბის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთის თანამდებობის პირები ნეხვით კარგი მოვაჭრეები არიან.
ასევე ნახეთ ლავროვი „კროკუსზე" თავდასხმასთან უკრაინის კავშირს „საღი ლოგიკის" გამო ვერ გამორიცხავს28 მარტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმაც დაადასტურა, რომ რუსეთს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, გაფრთხილების იგნორირების მიზეზი კი რუსეთმა უნდა განმარტოს. აშშ-ის ხელისუფლებამ მანამდეც რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოსკოვი გაფრთხილებული ჰყავდა.
საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმამდე სამი დღით ადრე, 19 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პროვოკაციული გაფრთხილება შანტაჟს ჰგავდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას.
„კროკუსზე“ თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 26 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მარტის დასაწყისში, აშშ-ისგან მართლაც მიიღეს ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ, თუმცა „ინფორმაცია ზოგადი ხასიათის იყო“ და იმ მომენტისთვის არ დადასტურდა. ბორტნიკოვის მტკიცებით, იყო ინფორმაცია, რომ ტერაქტი იგეგმებოდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში(15-17 მარტი).
ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებსმოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.