პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს არც რუსეთი და არც უკრაინა ბოიკოტს არ გამოუცხადებენ, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა ტომას ბახმა.
ბახის თანახმად, ოლიმპიადაზე რუსეთის წარმომადგენელი სპორტსმენების დაშვების შესახებ დისკუსია დასრულდა. მისი თქმით, მოსაზრებები კვლავ განსხვავებულია: ზოგი ამბობს, რომ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დაარღვია ოლიმპიური ქარტია, გადაჭარბებულია, სხვები კი ფიქრობენ, რომ არასაკმარისია.
"ეს ჩვეულებრივ მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა. თუ ორივე მხარე 100%-ით ბედნიერი არ არის, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია", - განაცხადა ტომას ბახმა.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მათში ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ, მხოლოდ ინდივიდუალურ სახეობებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან დაკავშირებული რუსეთის სამხედრო ან უსაფრთხოების უწყებებთან. ასეთ პირობების გამო რუსეთის ნაკრებმა უარი თქვა სპორტის ზოგიერთ სახეობაში ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.
გასულ კვირას, 19 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ 55 რუსი სპორტსმენი შეძლებს ოლიმპიადისთვის შერჩევის გავლას. მათი სახელები და სპორტის სახეობა არ არის მითითებული, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყვნენ მოჭიდავეები, ძიუდოისტები, ტაეკვანდოისტები, ჩოგბურთელები და ნიჩბოსნები. უკრაინაში რუსული აგრესიის მიუხედავად, ადრე ამ სპორტის ფედერაციებმა რუს სპორტსმენებს საშუალება მისცეს, მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში.
რუსი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრადიციულ მსვლელობაში - მონაწილე ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებთა აღლუმში. ხოლო რუსი სპორტსმენების მიერ მედლების მოპოვების შემთხვევაში, ნეიტრალური ჰიმნი შესრულდება და სპეციალური მწვანე დროშა აღიმართება.
- ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობისგან რუსული სპორტის დამოუკიდებლობის დემონსტრირების მთავარ პლატფორმად "მსოფლიო მეგობრობის თამაშები" აირჩია.
- ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, "მსოფლიო მეგობრობის თამაშების" გამარჯვებულები ოფიციალურად ოლიმპიურ გამარჯვებულებად ჩაითვლებიან.
ასევე ნახეთ
რუს სპორტსმენებს აუკრძალეს პარიზის ოლიმპიადის აღლუმში მონაწილეობარას სთავაზობს კრემლი საერთაშორისო ტურნირებიდან გარიყულ რუს სპორტსმენებს?