რუსეთის პრეზიდენტის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის და სხვა მაღალჩინოსნების შემდეგ, მოსკოვთან მომხდარ ტერაქტთან უკრაინის კავშირის ვერსიაზე ილაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა.
გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 29 მარტს გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთი აქტიურად ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო და სხვებზე, პირველ ყოვლისა, უკრაინაზე ეჭვი არ უნდა მიიტანონ.
„დასავლეთი საეჭვოდ აქტიურად გვარწმუნებს, თანაც არა მხოლოდ საჯაროდ. ჩვენს დიპლომატიურ მისიებთან კონტაქტების დროსაც ამბობენ, რომ უკრაინაზე ეჭვი არ უნდა მივიტანოთ, მაგრამ არ გვიხსნიან, რატომ. თუმცა, საღი ლოგიკის თვალსაზრისით, შეკითხვის პასუხად, ვის აძლევს ხელს, უკრაინას ვერ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ლავროვმა.
ასევე ნახეთ აშშ და ბრიტანეთი ტყუილს უწოდებენ რუსეთის განცხადებას ტერაქტთან მათი და უკრაინის კავშირის შესახებრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნები არ გამოაქვთ, მაგრამ „აშკარა ვერსიების“ გამორიცხვის უფლება არ აქვთ, მით უმეტეს, რომ „ეს ხალხი“(თავდამსხმელები) უკრაინაში გარბოდა. ტერორისტების გასაქცევად უკრაინაში მომზადებულ „ფანჯარაზე“ 23 მარტს ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც.
რუსეთის ეს ვერსია, ფაქტობრივად, უარყო ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ. მან 26 მარტს განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები ბელარუსისკენ მიდიოდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ მინსკის მიერ მიღებული ზომების გამო ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ უკან გაბრუნდნენ და რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ წავიდნენ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარეობს.
კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა 28 მარტს გაავრცელეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაცია, რომ „დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათთვის ჩამორთმეული ტექნიკური მოწყობილობების გამოკვლევის და ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად მიღებულია უკრაინელ ნაციონალისტებთან მათი კავშირის მტკიცებულებები“. კონკრეტულად ვისთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს არ უთქვამს.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ პუტინს უწოდა „ავადმყოფი და ცინიკური არსება“მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ კიევი და დასავლეთის არაერთი სახელმწიფო. აშშ-ის ინფორმაციით, მან რუსეთი მარტის დასაწყისში გააფრთხილა, რომ ექსტრემისტები თავდასხმებს ამზადებენ.