„ქართულ ოცნებას“ საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმება უნდა

ეს ცვლილება არ ეხება 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. 26 ოქტომბერს პარლამენტის დეპუტატებს სრულად პროპორციული წესით აირჩევენ.

მმართველი პარტიის სამმა დეპუტატმა: გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა და დავით მათიკაშვილმა პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი მომავალი, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მათ უნდათ გაუქმდეს 40%-იანი ზღვარი, რომელიც „საარჩევნო კოდექსითაა“ დაწესებულია მაჟორიტარებისთვის.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა. რაც, თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას“, - წერია პარლამენტში 20 მარტს შეტანილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ შეიცვლება, 70-ზე მეტ საკრებულოში ასობით მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად საჭირო იქნება 40-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარების გამოსავლენად მეორე ტური 42 ოლქში ჩატარდა. კანონმდებლობაში 40%-იანი ბარიერი რომ არ ყოფილიყო ჩადებული, უმრავლეს, 29 ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებდნენ.