„დაბნეულად და გაუბედავად გამოვიყურებით“ - გენერალი ცვაკი დასავლეთის, ბაიდენისა და ტრამპის პოზიციებზე უკრაინის ომში

პეტერ ცვაკი პუტინის, ტრამპისა და უკრაინის ომის შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში - ფოტოილუსტრაცია

„როდესაც ტრამპი უკრაინას ხედავს, ბრაზი იპყრობს, მისთვის ეს წითელი ნაჭრის აფრიალებასავითაა“.

„ვფიქრობ, პუტინს წითლად აქვს შემოხაზული ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი საკუთარ კალენდარში და თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ის ამას მოსკოვის გამარჯვებად ჩათვლის“, - ეუბნება ბრიგადის გადამდგარი გენერალი, პეტერ ცვაკი რადიო თავისუფლებას. ის ეჭვობს, რომ ტრამპის დამოკიდებულება უკრაინასთან პირადულია. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის აფასებს როგორც აშშ-ის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, ასევე რუსეთის შანსებს; 2012-2014 წლებში, იმ დღეების ჩათვლით, როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში და ყირიმი შეიერთა, გენერალი ცვაკი აშშ-ის სამხედრო ატაშე იყო რუსეთის ფედერაციაში. რადიო თავისუფლება გენერალ ცვაკს რონდელის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე ესაუბრა.

უკრაინელები პოზიციებს არ თმობენ, მაგრამ რუსი დათვის მარწუხებივით თათებში არიან მოქცეული.

რადიო თავისუფლება: როგორ შეაფასებდით სიტუაციას დღეს ბრძოლის ველზე, რას ვხედავთ?

გენ. ცვაკი: დავიწყებ იმით, რომ უკრაინა არის ერი, რომელიც დღეს იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად, რაც ალბათ ცოტას თუ ესმის ისე კარგად, როგორც ქართველებს, თუ 2008 წლის მოვლენებს გავიხსენებთ... უკვე ორი წელია, უკრაინელები ომში არიან და ვხედავთ, რომ ისინი შევიდნენ რთულ ჩიხში, სადაც რიცხოვნობასა და ამუნიციის მარაგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელები უკეთესი მებრძოლები არიან, მოტივაციაც უკეთესი აქვთ, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ რუსებმაც ბევრი რამ ისწავლეს.

თუ რამე არის „სარგებელი“ იმაში, რომ რუსეთის სარდლობა საკუთარ ჯარისკაცებს ხორცსაკეპში მიერეკება, ეს ისაა, რომ ამ ხორცსაკეპს გადარჩენილები ბრძოლას სწავლობენ. რუსები კარგად იბრძვიან-მეთქი, ამას ახლაც ვერ ვიტყოდი, მაგრამ უკეთესად კი იბრძვიან, - ფაქტია, რომ ბევრი რამ ისწავლეს. რუსებს მეტი საბრძოლო მასა აქვთ ახლა ფრონტის ხაზზე, რომელიც იქცა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ სანგრების ფრონტად, შეხების წერტილებით დონბასსა და სამხრეთში. უკრაინელები პოზიციებს არ თმობენ, მაგრამ ახლა ერთგვარად რუსი დათვის მარწუხებივით თათებში არიან მოქცეული - ეს არის ბრძოლა როგორც ახლო დისტანციაზე, ქვეითებს შორის, ასევე არტილერიის დუელი.

რუსებს უზარმაზარი დანაკარგები აქვთ, მაგრამ უკრაინელებიც ბევრ ჯარისკაცს კარგავენ... ამ საერთო განწყობას ოდნავ აუმჯობესებს უკრაინელების ექსტრაორდინარული წარმატებები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ, სადაც მათ შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი. როგორც აღვნიშნე, უკრაინელები მხნედ იბრძვიან, მაგრამ ახლახან მოუწიათ ავდეევკიდან გამოსვლა, რამდენიმე თვით ადრე ბახმუტი დატოვეს - ორივე ეს ბრძოლა იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, ვერდენის ტიპის ბრძოლა (პირველი მსოფლიო ომის დროს ბრძოლა გერმანიასა და საფრანგეთს შორის ვერდენის გამაგრებული რეგიონისთვის - რ.თ.), სადაც, ძალთა თანაფარდობას თუ შევხედავთ, უკრაინელებმა პროპორციულად უამრავი რუსი გაანადგურეს, მაგრამ თავადაც ბევრი მებრძოლი დაკარგეს. რუსები ახლა რობოტინეს ხელში ჩაგდებას ცდილობენ და ძალაუნებურად, გიჩნდება კითხვა - რამდენ ხანს გაძლებს უკრაინელების თავდაცვის ხაზი, რომელსაც არ მიეწოდება კრიტიკულად საჭირო აღჭურვილობა და ამუნიცია? და პირველ რიგში, ამ კითხვაზე ალბათ ჩემმა ქვეყანამ უნდა გასცეს პასუხი...

ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მაინც ვინ ვართ ჩვენ? რანი ვართ? ევროპა, შტატები, ატლანტიკური ალიანსი - ვინ ვიქნებით, რა გვერქმევა, თუ უკრაინის დამარცხებას დავუშვებთ?

ეს ღია კრიზისია. რუსეთს უკრაინის დამორჩილება სურს, მაგრამ მათი ამბიციები ამით არ ამოიწურება: პუტინს სურს გატეხოს დასავლეთი, დასავლური ერთობა. ამიტომ აწვებიან, ბოლომდე ამუშავებენ ომის ამ ულმობელ, რუსულ მანქანას, რომელსაც საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლე არ ადარდებს, ოღონდ კი წინ წაიწიონ. ჩვენ კი - ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მაინც ვინ ვართ ჩვენ? რანი ვართ? ევროპა, შტატები, ატლანტიკური ალიანსი - ვინ ვიქნებით, რა გვერქმევა, თუ უკრაინის დამარცხებას დავუშვებთ, ანაც, რუსების საამებლად, კიევს თავს მოვახვევთ არასასურველ, წამგებიანი პირობების ზავს, რომელიც რეალურად, დანებების ტოლფასი იქნება? ჩვენ ყველამ, და შეერთებულმა შტატებმა, რა თქმა უნდა - უნდა გავიაზროთ, რომ უკრაინა - ეს ბრძოლის ხაზია. და მათი დაღალატების, მიტოვების უფლება არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ.

Ჩემს ქვეყანაში, ამერიკაში ახლა მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, რომელიც პოლიტიკურად უნდა გადავჭრათ. იმიტომ რომ - არ მინდა, კვეხნად ჩამომართვათ, მაგრამ - იმიტომ, რომ ჩვენ მაგალითს ვიძლევით, ჩვენ შემოგვყურებენ - აბა, როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები? და დღეს ძალიან დაბნეულად და გაუბედავად გამოვიყურებით, მიუხედავად ამჟამინდელი ადმინისტრაციის მცდელობებისა.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება მაგალითის მიცემას - უკვე 7 თვეა, უკრაინის დახმარების პაკეტი კონგრესს ვერ გასცდა - კიდევ რამდენი თვე მოუწევს ლოდინი უკრაინას?

გენ. ცვაკი: სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ამერიკის პოლიტიკური თამაშებია. ვფიქრობ, საიდუმლო არაა, რომ უკრაინას მეტწილად ორივე პარტია უჭერს მხარს, მაგრამ არის რესპუბლიკელების ერთი ფრთა, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის თაოსნობით, რომელთაც, ვფიქრობ, სურთ უკრაინის დამარცხება იხილონ, ან, სულ მცირე, უკრაინას დახმარება შეუწყვიტონ. და ამისთვის უარეს დროს ვერ შეარჩევდა კაცი. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან - და უფრო ადრე, ვიდრე გვიან - ამ დახმარების პაკეტს მაინც მივიღებთ, ალბათ მომავალი თვის განმავლობაში, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა ამაზე, ძალიან დასანანი სიტუაციაა. ერთ-ერთი თანმდევი პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენს მოსახლეობას დღემდე საკმარისი ცოდნა არ აქვს უკრაინაზე, ამ კონფლიქტის მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რად შეიძლება დაგვიჯდეს დღევანდელი უმოქმედობა ხვალ. ამ ცოდნის ნაკლებობის გამო, ისინი იჯერებენ ნათქვამს, რომ ეს ომი ამერიკას რესურსებისგან წრიტავს, რომ ომი ძვირი ჯდება, საჭმლის, გაზის ფულს აძვირებს და ა.შ. მაგრამ ჩვენ მსგავსი პერიოდი ადრეც გავიარეთ - მეორე მსოფლიო ომის დროსაც გვქონდა იზოლაციის პერიოდი. ამის გამეორება უკიდურესად სახიფათო იქნებოდა, ეს იქნებოდა ბეცი გულუბრყვილობა. Მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკა გამრუდებულია. მემარჯვენე ძალების გარკვეულ ჯგუფებში, MAGA- ჯგუფში ნაკლები სიმპათიები აქვთ უკრაინის მიმართ, და ზოგიერთი მათგანი კი, ყოფილი პრეზიდენტის ჩათვლით, საერთოდ აღმერთებს რუსებსა და პუტინს.

ტრამპი ვერ ივიწყებს, რომ სწორედ უკრაინის გამო შეარცხვინეს - უკრაინა იყო მისი იმპიჩმენტის მიზეზი.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს - როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა, თუ დონალდ ტრამპი ისევ მოახერხებს გაპრეზიდენტებას? რას მოუტანდა ეს უკრაინას? მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ასეც მოხდა, ტრამპი პრეზიდენტია - შემდეგ რა ხდება?

გენ. ცვაკი: მე ისევ მჯერა, უფრო სწორად ვიმედოვნებ, რომ ის ამას ვერ მოახერხებს, ამ ეტაპისთვის ვიტყოდი, რომ 50/50-ზეა იმის შანსები, რომ ტრამპი ისევ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ვფიქრობ, ჩვენი ალიანსები არ გაუქმდება, მაგრამ ტრანზაქციური გახდება - ეს იქნება ერთგვარი „ჩვენ vs დანარჩენები“ მიდგომა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად გაჯერებული იქნება დირექტივებით, მითითებებით. ან შეიძლება მან საერთოდ გადაწყვიტოს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკას არაფერში არგია, იმ მიზეზების გამო, რომელიც მარტო თავად უწყის და ამიტომაც, ძალიან კარგია, რომ ახლახან მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნულად დაარღვიოს ამერიკის კავშირი ნატოსთან.

კიდევ ერთი რამ, რაც ტრამპის დაბრუნებას მოჰყვება, იქნება უფრო მეტად მოტივირებული და ფრთაშესხმული რუსეთი. ვფიქრობ, პუტინს წითლად აქვს შემოხაზული ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი საკუთარ კალენდარში და თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ის ამას მოსკოვის გამარჯვებად ჩათვლის.

რადიო თავისუფლება: როგორი იქნებოდა ტრამპისეული უკრაინის პოლიტიკა? განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ მან თქვა: უკრაინის ომს 24 საათში დავამთავრებდიო. როგორ მოახერხებდა ამას?

გენ. ცვაკი: ეს, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაციაა, მაგრამ ალბათ ეს იქნებოდა ერთგვარი გარიგება ეშმაკთან, და ამის მისაღწევად არ მოერიდებოდა უხეშ მეთოდებს, რადგან ტრამპს დიპლომატიური დახვეწილობა აკლია და არც ცდილობს ამას, მას უფრო „ძლიერი კაცის“ იმიჯი მოსწონს, ჰარდკორ-ბიზნესმენის იმიჯი. ვფიქრობ, ეს კარგს არაფერს მოგვიტანდა.

Მაგრამ აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ წრეებში და უფრო ფართოდ, ელექტორატშიც, ამას არ დაეთანხმებიან. ასე რომ, ეს ყველაფერი მისთვის ადვილი არ იქნება. მაგრამ აშკარად ჩანს, რომ დონალდ ტრამპს ნაკლებად აინტერესებს თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით, იქნება ეს ევროპასთან თუ აზიასთან: სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან. მას აქვს განცდა, რომ ჩვენი მოკავშირეები უსასყიდლოდ ხეირობენ შეერთებული შტატების თავდაცვითი შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი, სულ მცირე, წააქეზებს პუტინს მეტი აგრესიისკენ ნატოს მისადგომებთან, ეს შეარყევს ევროპელი მოკავშირეების რწმენას ამერიკისადმი და მათ აფიქრებინებს, რომ ამერიკის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ვფიქრობ, ტრამპის პრეზიდენტობა იქნებოდა რეალური დესტაბილიზაციის წყარო, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიო წესრიგში ჩვენი ინტერესებისთვის.

ვფიქრობ, მას სძულს უკრაინა, და კულისებს მიღმა ცდილობს პროცესების მართვას უკრაინის საწინააღმდეგოდ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ არის უკრაინის მიმართ უარყოფითად განწყობილი? რაშია პრობლემა?

გენ. ცვაკი: ვფიქრობ, მას არ მოსწონს ფინანსური ასპექტი და არც მალავს ამას. მაგრამ ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, ტრამპი ვერ ივიწყებს, რომ სწორედ უკრაინის გამო შეარცხვინეს - უკრაინა იყო მისი იმპიჩმენტის მიზეზი. მისი მცდელობა, ზელენსკიზე გავლენა მოეხდინა 2020 წელს, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და პოლკოვნიკმა ალექს ვინდმანმა სააშკარაოზე გამოიტანა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უთხრეს, რომ ეს დაუშვებელი იყო, საბოლოოდ კი საქმე კონგრესამდე მივიდა, იმპიჩმენტამდე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ როდესაც უკრაინას ხედავს, ბრაზი იპყრობს, მისთვის ეს წითელი ნაჭრის აფრიალებასავითაა, რადგან თვლის, რომ სწორედ უკრაინის ბრალია მისი ბევრი პრობლემა. ვფიქრობ, მას სძულს უკრაინა, და კულისებს მიღმა ცდილობს პროცესების მართვას უკრაინის საწინააღმდეგოდ, და დააშინოს რესპუბლიკური პარტიის ის წევრები, ვინც უკრაინას ემხრობა. დაბოლოს, ყველაფრის დამაგვირგვინებელია მისი ეს უცნაური აღფრთოვანება პუტინით. და არ ვიცი, რა უდევს ამას საფუძვლად. Რთული ასახსნელია, ბუნდოვანი, და არასწორი.