ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც გადაღებულია „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკითხვა. ვიდეო სოცქსელებში გამოაქვეყნა Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.
ვიდეოზე გადაღებული მამაკაცი ამბობს, რომ ის რუსეთში თურქეთიდან ჩაფრინდა 4 მარტს. მისი თქმით, ნახევარი მილიონი რუბლი შესთავაზეს ადამიანების დახოცვისთვის.
მამაკაცის თქმით, თავდასხმის ორგანიზატორებმა მას დაავალეს, განურჩევლად დაეხოცა დარბაზში მყოფნი.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ამ დროისთვის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, მათი რაოდენობა გაიზრდება.
ასევე ნახეთ მოსკოვთან „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა