უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს გავრცელებულ ცნობას, თითქოს ვაშინგტონი მოითხოვდეს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე.
"ეს არის ფიქციური ინფორმაცია. ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, უკრაინას ვერავინ უკარნახებს საომარ პირობებს. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უკრაინას შეუძლია გაანადგუროს რუსეთის ხელთ არსებული ომი ინსტრუმენტები. საწვავი ომის ძირითადი ინვენტარია. ამიტომ უკრაინა მომავალშიც გაანადგურებს საწვავის ინფრასტრუქტურას", - განაცხადა პოდოლიაკმა 22 მარტს ტელეკომპანია "დოჟდთან“ ინტერვიუში.
მანამდე Financial Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას მოუწოდა შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების იერიშებმა შეიძლება ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა და მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომების პროვოცირება გამოიწვიოს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა ძლიერი ხანძარი და სრულად ან ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა დრონებით იერიშის შედეგად, რაშიც რუსეთის კიევს ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ ნავთობპროდუქტს კარგავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო- ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს.
- ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გამო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900 000 ბარელით შემცირდა.
- 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.